ახალქალაქში, ჯავახეთის ქუჩაზე, ლუქი ჩავარდა, რაც საფრთხეს უქმნის მძღოლებს, განსაკუთრებით ღამით.

უკვე 10 დღეზე მეტია, რაც ჯავახეთის ქუჩაზე ლუქი ჩავარდნილია. ამჯერად ლუქი კი არ გატყდა, არამედ მთლიანად ლუქი ჩავარდა. თვითმხილველების თქმით, ორზე მეტი მანქანის მძღოლმა ორმო ვერ შენიშნა და ჩავარდა. ლუქი ყველაზე საშიშია წვიმიან ამინდში და ღამით.

Jnews-ი დაუკავშირდა კომპანია “ჯავახავთოგზას”, რომელმაც ამ ქუჩაზე ასფალტის სამუშაოები გასულ წელს შეასრულა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნოდარ ინასარიძემ განაცხადა, რომ ამ სამუშაოს შესრულება მათ პასუხისმგებლობაში არ შედის.

2

„ლუკები ჩვენ არ დაგვიმონტაჟებია, ეს ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის. ვინც გატეხა, იმან გასცეს პასუხი. მაშინ არ იყო გატეხილი. ასფალტირება პრობლემას არ წარმოადგენს, ლუქები უნდა გამოიცვალოს. ისიც უნდა ვთქვა, რომ საქმე ჯერ არ გვაქვს ჩაბარებული, ველოდებით კომისიას“, – თქვა ნოდარ ინასარიძემ.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორს, გიორგი ვახტანგიშვილს. მან ასევე თქვა, რომ ეს მათ პასუხისმგებლობაში არ შედის.

ვინაიდან ჯავახეთის ქუჩა საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია და მას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ემსახურება, მათაც დავუკავშირდით და გვითხრეს, რომ ხვალ დავუკავშირდეთ.

აღსანიშნავია, რომ ჯავახეთის ქუჩის ასფალტის მოწყობის შემდეგ ბევრი პრობლემა გაჩნდა. კანალიზაციისა და წყლის ხაზების გამოცვლის აუცილებლობის გამო დაგვიანებული იყო საფარის დაგება. ამ სამუშაოების შემდეგ მოუწიათ ასფალტირების დაწყება, მაგრამ სამუშაოების დროს მილები სკდებოდა. თითქოს და, ეს საკითხები მოგვარებული იყო, ქუჩა მოასფალტდა, შემდეგ კი სამი ლუქი ღია დარჩა. ახალქალაქის სერვისცენტრმა ეს ლუქები დაამონტაჟა, ხოლო ახლა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლუქი მთლიანად ჩამოინგრა.

შემდგომ მასალებში გაცნობებთ, ვინ აიღებს ამ სამუშაოების შესრულების ვალდებულებას.

აღნიშნულ თემაზე ასევე წაიკითხეთ:

ჯავახეთის ქუჩა ახალი პროგრამით იქნება რეაბილიტირებული

მალე ჯავახეთის ქუჩის ასფალტირებუს სამუშაოები დაიწყება

ჯავახეთის ქუჩის ასფალტირება კვლავ ჭიანურდება

ჯავახეთის ქუჩის ასფალტირების სამუშაოები განახლდება, მაგრამ…

ჯავახეთის ქუჩებში ლუქები კვლავ ღიაა