ახალქალაქში, ჯავახეთის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის და წყალმომარაგების მილების გამოცვლის სამუშაოები დასრულდა, ქუჩის მოასფალტებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ახალქალაქი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე ჯავახეთის ქუჩის მონაკვეთის გარემონტება 2020 წელს იგეგმებოდა. მაშინ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 6 638 460 ლარის ოდენობის ელექტრონული ტენდერი ჩაატარა. ახალციხე-ახალქალაქის საავტომობილო გზის მდინარე კორხის წყლის ხიდიდან თავისუფლება-დარბინიანის ქუჩების კვეთამდე მონაკვეთის აღდგენაზე ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა კომპანია «საგზაო-სამშენებლო სამმართველო N1»-მა 5 744 000.00 ლარის ოდენობით. თუმცა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისას, როცა ჯავახეთის ქუჩაზე, აღდგენილი უბნის ბოლო ნაწილამდე მიაღწიეს, გადაუდებელი გახდა წყალმომარაგების სისტემის შეცვლა და საკანალიზაციო სისტემის დამონტაჟება, რომელიც ამ ქუჩაზე არ იყო. ამ მიზეზით გადაწყდა, რომ ამ მონაკვეთზე სამუშაოებს მხოლოდ კანალიზაციისა და ახალი წყალმომარაგების სისტემის გაყვანის შემდეგ განაახლებენ.
კომპანია «მშენებლობამ» ზემოაღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა და წყლის კომუნიკაციების სამუშაოები 2021 წლის შემოდგომიდან დაიწყო, რომელმაც ელექტრონული ტენდერი 603 700 ლარის ოდენობით მოიგო. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ზამთარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ჯავახეთში მკაცრი ზამთრის გამო ივლისში დასრულდა. ახლა რჩება ქუჩის ასფალტირება.
21 ივნისს ჯავახეთის ქუჩის მოასფალტებაზე ახალი ტენდერი 1 638 407 ლარის ოდენობით გამოცხადდა. ამჟამად კომპანია «ჯავახავტოგზას» დოკუმენტაციის განხილვის პროცესი მიმდინარეობს, რომელმაც ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და სამუშაოებისთვის 1 458 000 ლარი შესთავაზა.
«ჯავახავტოგზას» დირექტორის ნოდარ ინასარიძის თქმით, კონტრაქტის მოლაპარაკების პროცესი დაახლოებით 10 დღეს გაგრძელდება. თუ კომპანია ტენდერში გაიმარჯვებს, მოასფალტების სამუშაოებს დაახლოებით 8 თვე დასჭირდება.