ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი განძა მრავალი წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო და მეცხოველეობის ტრადიციების შენარჩუნების კერა იყო. მიწის დამუშავება, თივის შეგროვება, საქონლის მოვლა და ზამთრის მარაგების შეგროვება აქაური მცხოვრების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. თუმცა დღეს ეს ტრადიციული საქმიანობები სულ უფრო მეტად კარგავს ეკონომიკურ მნიშვნელობას. სოფლის მცხოვრებთა თქმით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე დაბალი ფასები, საწვავის გაძვირება, ასევე მიწის დამუშავებისა და თიბვის ხარჯების ზრდა სოფლის მეურნეობას სულ უფრო რთულსა და ნაკლებად მომგებიანს ხდის.
განძის ბუნება განუმეორებელი სილამაზით გამოირჩევა. წელიწადის სხვადასხვა დროს სოფლის შემოგარენი ფერებს იცვლის: გაზაფხულზე მინდვრები და მდელოები სიმწვანით იფარება, ზაფხულში მომწიფებული ყანები მოსავლის აღებას ელის, შემოდგომაზე კი სოფლის პეიზაჟი უფრო რბილ და მშვიდ ელფერს იძენს. სწორედ ამ ფონზე მიედინება სოფლელის ყოველდღიური ცხოვრება — დილიდან გვიან საღამომდე, მიწასთან, საქონელთან და ამინდთან მუდმივ ჭიდილში.

ფერმერისთვის ყოველი ზაფხული არა მხოლოდ მოსავლის აღების, არამედ ზამთარზე ფიქრის დროცაა. აუცილებელია, მოესწროს ბალახის მოთიბვა, გაშრობა, შეგროვება და გადაზიდვა, რათა გრძელი ზამთრის თვეებში პირუტყვს საკვები არ მოაკლდეს. თუმცა, ამ შრომის სანაცვლოდ, ფერმერი ხშირად მოსალოდნელი შემოსავლის ნაცვლად ახალ ხარჯებს იღებს.
„ყველაფერი გაძვირდა, პირუტყვსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე კი ფასები იგივე დარჩა“, -ამბობს სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
ანალოგიურ პრობლემას აწყდებიან მიწათმოქმედებიც. საწვავის, ტექნიკისა და მიწის დამუშავების გაძვირება შემოსავლის მიღების გარანტიას აღარ იძლევა. განძის მკვიდრმა ვ. ა.-მ წელს ქერი დათესა. მოსავალი ურიგო არ ყოფილა, თუმცა მისმა დამუშავებამ და სახლამდე ტრანსპორტირებამ გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს გადააჭარბა.
„ქერი დავთესე, მოსავალიც კარგი იყო, მაგრამ საწვავის გაძვირების გამო სახლამდე მოტანაში იმდენი ფული დამეხარჯა, რომ გაყიდვიდან მიღებულმა თანხამ ხარჯებიც კი ვერ დაფარა“, — გვიზიარებს ის.
ასეთ პირობებში მეცხოველეობაც თანდათან კარგავს მიმზიდველობას. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ ადრე საქონლის მოშენება ოჯახის სტაბილური არსებობის წყარო იყო, დღეს ის ხშირად იმაზე მეტ შრომას მოითხოვს, ვიდრე შემოსავალი მოაქვს.
„საქონლის მოშენებას აზრი აღარ აქვს, მხოლოდ შრომა გვრჩება. უბრალოდ სოფელში ვცხოვრობთ, ეს სოფლელის საქმეა და ამიტომაც ვუვლით. თუმცა სოფელში მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის სულადობა საგრძნობლად შემცირდა“, — ამბობს გ. ა.
რამდენად შეიცვალა სოფლის ცხოვრება მეცხოველეობის კუთხით, ამის წარმოდგენა დღევანდელი და 7-8 წლის წინანდელი მაჩვენებლების შედარებით შეიძლება. განძის მკვიდრის, ა. გ.-ის თქმით, ადრე სოფელში დაახლოებით 12 ათასი ცხვარი იყო, ახლა კი მათი რაოდენობა ძლივს აღწევს 2 ათასს. მისი შეფასებით, ძროხების რაოდენობა 4500-დან დაახლოებით 1500-მდე შემცირდა.
„რამდენიმე წლის წინ ჩვენს სოფელში დაახლოებით 12 000 ცხვარი იყო, ახლა კი მთელ სოფელში ძლივს მოგროვდება 2000. ძროხების რაოდენობა დაახლოებით 4500-დან 1500-მდე შემცირდა. სოფლის მეურნეობა თანდათან ქრება. შეიძლება ითქვას, რომ მეცხოველეობას ისინი მისდევენ, ვისაც არსებობის სხვა საშუალება არ გააჩნია“, — ამბობს ის.
განძაში სოფლის ცხოვრების სირთულეები მხოლოდ ეკონომიკური პრობლემებით არ შემოიფარგლება. ფერმერის საქმიანობა ასევე დიდწილად ამინდზეა დამოკიდებული. წელს უხვმა ნალექმა ბალახის კარგ ზრდას შეუწყო ხელი, თუმცა, ამავდროულად, გაართულა მოსავლის აღება და შენახვა. ის, რაც ერთი შეხედვით მეცხოველეებისთვის კარგი წელი უნდა გამხდარიყო, დამატებით პრობლემად იქცა.
განძის კიდევ ერთმა მცხოვრებმა, მ. ლ.-მ აღნიშნა, რომ წვიმების გამო ბალახის მოთიბვა და სახლამდე გადაზიდვა გაუჭირდათ, შეგროვებული მარაგის ნაწილს კი ახლა გაფუჭების საფრთხე ემუქრება.
„წელს ძალიან ბევრი ნალექი მოვიდა. მართალია, წინა წლებთან შედარებით, ბალახი საკმაოდ ბევრი იყო, მაგრამ წვიმების გამო მისი მოთიბვა და სახლში მოტანა გაგვიჭირდა. ახლაც იმდენი იწვიმა, რომ თივის ზვინები უკვე დალპა ან ზედ ისევ ბალახი ამოვიდა. მსგავსი არაფერი მინახავს“, — გვიზიარებს სოფლის მცხოვრები.

სოფლის ბუნება კვლავ ჩვეული რიტმით განაგრძობს ცხოვრებას: მდელოები მწვანდება, ყანები მწიფდება, წვიმები მოდის და მიდის. თუმცა, ამ ყველაფრის მიღმა დგას რეალობა, რომელსაც სოფლელი ყოველდღიურად გრძნობს. მისთვის ყოველი წვიმა შესაძლოა ახალ პრობლემად იქცეს, ფასების ყოველი მატება — მორიგ გამოთვლად, მოსავლის გაყიდვა კი — იმედად, რომელიც ყოველთვის არ მართლდება.
ოდესღაც მსხვილი მეურნეობები დღეს მცირდება, ნახირი თხელდება, ხოლო სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანების შესაძლებლობები იზღუდება. სოფელში მომავლის აშენების პერსპექტივა სულ უფრო რთული ხდება ახალგაზრდებისთვისაც, როდესაც მიწათმოქმედება თუ მეცხოველეობა ღირსეულ შემოსავალს ვეღარ უზრუნველყოფს.
ფერმერის შრომა მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობა არ არის. ეს არის თაობიდან თაობას გადაცემული ცხოვრების წესი, კავშირი მიწასთან, ბუნების რიტმზე მორგებული ყოველდღიურობა. და როდესაც ამ შრომას შემოსავალი აღარ მოაქვს, საფრთხის ქვეშ დგება არა მხოლოდ თითოეული ოჯახის კეთილდღეობა, არამედ სოფლის წლობით ნაშენები ტრადიციებიც.
განძა კვლავაც მშვენიერია თავისი ბუნებით, მინდვრებითა და სოფლის პეიზაჟებით. თუმცა ამ სილამაზის შენარჩუნების უკან დგანან ადამიანები, რომელთა შრომაც სულ უფრო და უფრო რთულდება. და ალბათ, დღეს განძის ყველაზე დიდი სატკივარი ის არის, რომ სოფელში ჯერ კიდევ არსებობს შრომის სურვილი, არის მიწა, ბუნება, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, მაგრამ ამ ყველაფრის გასაგრძელებლად ეკონომიკური შესაძლებლობები სულ უფრო მცირდება.