ახალქალაქში ჯავახეთის ქუჩა 2020 წლიდან ცუდ მდგომარეობაშია. ახალციხე-ახალქალაქის საავტომობილო გზის ასფალტირების დროს უნდა გაეკეთებინათ გზა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ქუჩაზე წყლის მილები დაძველებულია, კანალიზაცია კი საერთოდ არ არის.

ქუჩების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა, ამის შემდეგ ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა ასფალტის საფარის მოწყობაზე. ქუჩის ასფალტირება კომპანია „ჯავახ ავტო გზა“-ს უნდა განეხორციელებინა, მაგრამ …

კომპანიის დირექტორი ნოდარ ინასარიძე ამბობს, რომ სამუშაოების ჩატარება ამ დროისთვის შეუძლებელია.

„ჯავახეთის ქუჩაზე დავიწყე მუშაობა, მერე გავჩერდი, რადგან კანალიზაცია ზედაპირღან ახლოს არის და მუშაობის დროს ყველაფერი სკდება. სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება მუშაობას არ დავიწყებ, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ შესაბამისმა ორგანოებმა“, – თქვა კომპანია “ჯავახ ავტო გზის” დირექტორმა.

ვარდან ჩოლახიანი კი, რომელმაც წყალმომარაგება და კანალიზაცია შეაკეთა, ამბობს, რომ სამუშაოები დაასრულეს და შექმნილ პრობლემებზე პასუხისმგებლობას იხსნიან.

„სამუშაო დავასრულეთ. პროექტი წარვადგინეთ ასფალტის დაგების კომპანიაში, რა სიღრმეზეა მილები. ჩვენი პროექტის მიხედვით, წყალმომარაგება უნდა იყოს 1,10-დან 1,20 მ სიღრმეზე, მუშაობის პროცესში რაც გავაფუჭეთ, ჩვენ თვითონ აღვადგინეთ და ახლა უკვე დავასრულეთ სამუშაოები. მთავარია, მათ მივაწოდეთ პროექტი, რომელიც არც კი გვქონდა“, – თქვა ვარდან ჩოლახიანმა.

ამის შემდეგ მოსახლეობამ მთავარი მილიდან წყალი სახლებამდე მიიყვანა, სადაც მილები მიწაში 0,50-0,70 სმ-ის სიღრმეზეა განლაგებული, შედეგად, ასფალტის დაგების დროს ზიანდება.

Jnews-ი შეეცადა მერისაგან მიეღო ინფორმაცია, თუ როგორ მოგვარდება პრობლემა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამუშაოები გაგრძელდეს.

„სამწუხაროდ, იქ არ გვაქვს უფლებამოსილება, რადგან გზა საგზაო დეპარტამენტს ეკუთვნის, გავუგზავნე წერილობითი მოთხოვნა, რომ უკვე შემოდგომაა, ასე არ გამოვა. ახლა მინდა ყველა დავსხდეთ, მე, “ჯავახ ავტო გზის” დირექტორი ვარდან ჩოლახიანი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ყველამ ერთად გადავწყვიტოთ, საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ეს საკითხი არ შეიძლება ასე დარჩეს“, – განაცხადა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.

მერი ყველა მხარეს ცალ-ცალკე ესაუბრა, მისი თქმით, მოსახლეობის დახმარებაზე მნიშვნელოვანი არაფერია, ამიტომ გეგმავს ყველა მხარესთან საერთო კრების მოწყობას, საკითხის განხილვას და საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლას.

რჩება ლოდინი, თუ როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული პრობლემის გადასაჭრელად.
ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ჯავახეთის ქუჩას ახალი პროექტით გაარემონტებენ

ჯავახეთის ქუჩის ასფალტის დაგება მალე დაიწყება

ჯავახეთის ქუჩის თავიდან მოასფალტება იგეგმება

ჯავახეთის ქუჩის მუდმივი პრობლემა