ახალქალაქში ჰემოდიალიზის ცენტრის გახსნის საკითხი უკვე მეხუთე წელია ჭიანურდება. საბოლოო გადაწყვეტილების მიხედვით სასწრაფო დახმარების შენობაში უნდა გახსნილიყო ჰემოდიალიზის ცენტრი, ამისთვის კი ახალი შენობა იყო საჭირო. საავადმყოფოს წინ შეარჩიეს ტერიტორია, რომელიც გამოყოფილი იყო სასწრაფო დახმარების სამსახურის ახალი შენობის ასაშენებლად, მაგრამ პროექტი ვერ განხორციელდა. დიალიზის ცენტრი ახალქალაქის საავადმყოფოს ქვედა სართულზე გაიხსნება, ამაზე ჯერ კიდევ 2019 წელს იყო საუბარი.
ახალქალაქის საავადმყოფოს ხელმძღვანელი ალექსან თოროიანი პრიორიტეტად დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის კომფორტული პირობების შექმნას მიიჩნევს.
„ეს ჩვენთვისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი საკითხია. მაღალია მაჩვენებელი იმ პაციენტებისა, რომლებსაც დიალიზი ესაჭიროებათ. სამწუხაროდ მათი რიცხვი იზრდება. ამჟამად ახალციხეში, ბორჯომში უწევთ წასვლა, რადგან ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში დიალიზის ცენტრი ჯერ კიდევ არ გვაქვს. მტკივნეულია ამაზე საუბარი, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, პაციენტებს კომფორტი შევუქმნათ და ადგილზევე ვიზრუნოთ მათზე“, – აცხადებს ალექსან თოროიანი.
მისივე თქმით, თავდაპირველად ტექნიკური პრობლემები შეიქმნა და, როგორც მისთვის ცნობილია, მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ სასწრაფო დახმარების ახალი შენობის აშენებაზე უარი განაცხადეს.
„საბოლოო პასუხი უარყოფითი გამოდგა. დავიწყეთ ალტერნატიულ ვარიანტებზე ფიქრი და ჩვენს შენობაში, ევექსის საავადმყოფოს სარდაფში, რომელიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, შევძლებთ ცენტრის გახსნას. ფართობი, სიმაღლე, კედლების კონსტრუქცია და სამომავლო სამშენებლო სამუშაოები მომსახურების ადგილზე მიწოდების შესაძლებლობა ქმნის“, – განმარტავს ის.
ახალქალაქის მერი დადებითად აფასებს დიალიზის ცენტრის გახსნის ალტერნატიულ გზებს.
„ალექს თოროიანს შევხვდით და ეს საკითხი განვიხილეთ. ევექსს თავისი კლინიკის სარდაფში დიალიზის ცენტრის გახსნა სურს. ჩვენთვის კი ამ ცენტრის გახსნაა მნიშვნელოვანი. ყველაფერი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მზად ვართ გავაკეთოთ და დახმარება აღმოვუჩნოთ. მხოლოდ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები “, – აცხადებს მელქონ მაკარიანი.
სასწრაფო დახმარების ახალი შენობის მშენებლობაზე კატეგორიული უარი არ მიუღიათ, პროექტი ჯერ კიდევ ძალაშია.
ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერმა თბილისიდან კლინიკის სპეციალისტები, არქიტექტორები, ინჟინრები რამდენჯერმე მოიწვია. მათ ტერიტორია შეისწავლეს და საბოლოო დასკვნები წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც საავადმყოფოს სარდაფის დიალიზის ცენტრად გადაკეთება დასაშვებია.
„სამუშაოს ნახევარზე მეტი უკვე დასრულებულია, ევექსის ხელმძღვანელობამ იცის და დადებითი პასუხი მივიღეთ. მხოლოდ მერიასთან შეთანხმება გვრჩება“, – განმარტავს ალექსან თოროიანი.
დიალიზისთვის საჭირო აღჭურვილობა ადგილზეა და შენობის გახსნისთანავე დამონტაჟდება. პროექტის მიხედვით ახალქალაქში 6+1 საწოლი მზადდება, რომელიც ერთდროულად 6 პაციენტს მოემსახურება. ექიმის წინასწარი გათვლებით, ეს 6 საწოლი ორ მუნიციპალიტეტში პაციენტების საჭიროებებს სრულად დააკმაყოფილებს.
კლინიკაში ექიმების გადამზადებაც დაიწყეს.
„სპეციალისტები გვყავს, ამიტომ მხოლოდ გადამზადების დაწყების დრო გვრჩება შესათანხმებელი, რადგან საკმაოდ ხანგძლივი პერიოდია, დაახლოებით 5-6 თვე“, – ამატებს თოროიანი.
„ავიღე ვალდებულება და საზოგადოების წინაშე პირნათლად უნდა შევასრულო“, – დასკვნის სახით განაცხადა თოროიანმა.
თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ახალქალაქს სასწრაფო დახმარების ახალი შენობა ექნება
ჰემოდიალიზის ცენტრი სასწრაფო დახმარების ძველ შენობაში განთავსდება
ახალქალაქში სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა ჭიანურდება