ახალქალაქში გემოდიალიზის ცენტრის გახსნა სასწრაფო დახმარების ახალი შენობის მშენებლობაზეა დამოკიდებული. სასწრაფო დახმარების ძველ შენობაში დიალიზის ცენტრის გახსნა იგეგმება.
Jnews-ს არაერთხელ დაუყენებია ახალქალაქში გემოდიალიზის ცენტრის გახსნის საკითხი. თირკმელების მწვავე ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან, კვირაში 3-ჯერ დაახლოებით 180 კმ-ის გავლა უწევთ, რათა ახალციხეში გემოდიალიზის ჩასატარებლად ჩავიდნენ. ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, გადაწყდა, რომ ახალქალაქის საავადმყოფოს წინ ტერიტორია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობის ასაშენებლად გამოეყოთ, ხოლო ამჟამინდელი სასწრაფო დახმარების შენობა გემოდიალიზის ცენტრად გადაკეთდეს.
ახალქალაქის საავადმყოფოს დირექტორი, ალექსანდრე თოროიანი ამბობს, რომ ამ დრიოსთვის, გემოდიალიზის ცენტრის გახსნისთვის ერთადერთ დაბრკოლებას ქმნის ის, რომ სასწრაფო დახმარების ახალი შენობა არ აშენდა. მას თუ ააშენებენ, დიალიზის ცენტრი ძველ შენობაში გაიხსნება.
„ველოდებით სასწრაფო დახმარების ახალი შენობის მშენებლობის დაწყებას. ამ დროისთვის ეს ერთადერთი დაბრკოლებაა. დანარჩენი საკითხები მოგვარებულია. შეთანხმება ყველგან მიღწეულია, რამდენ ხანს გაგრძელდება შეთანხმება ძნელი სათქმელია, მაგრამ იმედია არ ჩავარდება, რადგან უკვე მეორე წელია ველოდებით ამ შენობის აშენებას“, – ამბობს ექიმი.
როგორც თოროიანი აღნიშნავს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობის მშენებლობა გაჭიანურდა, მაშინ, როცა ყველა მუნიციპალიტეტში უკვე ახალი შენობები აქვთ.
როგორც ახალქალაქის მერიაში განგვიცხადეს, სასწრაფო დახმარების ახალი შენობის მშენებლობა 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გემოდიალიზის ცენტრის გამოჩენამდე კიდევ ერთი წელი მაინც მოგვიწევს ლოდინი.
ორმაგი ტანჯვა გემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში
დიალიზის ცენტრი სასწრაფო დახმარების ამჟამინდელ შენობაში განთავსდება
ახალქალაქში გემოდიალიზის საჭიროების მქონეები კიდევ ცოტა ხანი უნდა დაელოდონ