2019 წლიდან საქართველოში 300-მდე ამბულატორიის გარემონტების, 100-ზე მეტი ახალი ამბულატორიისა და 40 სასწრაფო დახმარების ცენტრის აშენების პროგრამა ამოქმედდა. მთავრობამ 20 მილიონი ლარი გამოყო პროექტის განსახორციელებლად, რომელიც მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის ახალქალაქს. ახალქალაქში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა უნდა აშენებულიყო, თუმცა მისი მშენებლობა უკვე მეოთხე წელია ჭიანურდება.
ახალქალაქში სასწრაფო დახმარების ცენტრის ასაშენებლად თავდაპირველად ტერიტორია არ იყო, ახლა კი ეს პრობლემა მოგვარებულია. საავადმყოფოს წინ სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრი აშენდება, საჭირო ტერიტორია უკვე გამოყოფილია.
მერიაში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის ყველა სამშენებლო დოკუმენტი გუბერნატორს გადაეგზავნა და პასუხს ელოდება.
„ჩვენ გავაგზავნეთ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მათ მოითხოვეს. გუბერნატორთან შეხვედრისას ყოველთვის ვაყენებ საკითხს, ეს არის დაფინანსების საკითხი. ტენდერებიდან ეკონომიას ველოდებით, მათ უნდა დაეფინანსებინათ, მაგრამ დღემდე კონკრეტული პასუხი არ მიმიღია. ერთი კვირის წინ კიდევ ერთხელ დავაყენე ეს საკითხი, ვთხოვე გუბერნატორს, ჩვენთანაც ამისთვის იბრძვიან. „არა“-ს არ გვეუბნებიან და უარყოფით პასუხს არ გვაძლევენ, უბრალოდ გვეუბნებიან, მოიცადეთ, ერთ დღეს ეს საკითხი მოგვარდება“, – ამბობს ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი.
მერის თქმით, თუ წელს თანხა გამოიყოფა, საქმე ნაწილობრივ დაიწყება, რომ მომავალ წელს მაინც მიიყვანონ ბოლომდე. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ძველ შენობაში ჰემოდიალიზის ცენტრის გახსნაზე.
ჯერ კიდევ მაისში Jnews-მა მისწერა როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე სასწრაფო დახმარების ცენტრს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია. დღეს კიდევ ერთხელ ვიკითხეთ, რატომ არ დაწყებულა ახალქალაქში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობა, პროექტი ხომ 2019 წლიდან არსებობს.
აღსანიშნავია, რომ ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდება.
ახალქალაქში სასწრაფო დახმარების ახალი შენობის პროექტი მზად არის.