2019 წლიდან ახალქალაქში სასწრაფო დახმარების ახალი შენობის აშენება იგეგმებოდა. თავდაპირველად პრობლემა იყო ტერიტორია, შემდეგ გამოიყო საჭირო ფართი, ჩატარდა გეოლოგიური და ტოპოგრაფიული კვლევები, მაგრამ უსახსრობის გამო, ახალი შენობის მშენებლობა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ახალქალაქის მერი ირწმუნება, რომ სასწრაფო დახმარების ახალი შენობის მშენებლობაზე მუშაობა გაზაფხულზე დაიწყება.
ახალქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორი, ირემ ეზოიანი ამბობს, რომ ეს საკითხი არაერთხელ განიხილეს თვითმმართველობის როგორც ყოფილ, ასევე ამჟამინდელ წარმომადგენლებთან. ბოლოს მერსაც შეხვდა.
„საკითხი დღის წესრიგშია. ერთი კვირის წინ მქონდა შეხვედრა ახლადარჩეულ მერთან და დეპუტატებთან. დაგვპირდნენ, რომ უფრო აქტიურად იმუშავებენ და აუცილებლად გვექნება ახალი შენობა, ველოდებით. დარჩენილია მხოლოდ ფინანსური საკითხების მოგვარება“.
JNEWS-თან საუბრისას ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმაც აღნიშნა, რომ იყო დისკუსიები და საკითხი დადებითად გადაწყდება.
„საკითხი დამუშავების პროცესშია, მიმდინარეობს განხილვები. მე ჯერ კიდევ საკრებულოს წევრი ვიყავი, როცა შევთანხმდით, რომ ეს ტერიტორია სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის გადაგვეცა, რათა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აეშენებინათ შენობა. მოგვიანებით, მერის თანამდებობის დაკავების შემდეგ, მქონდა შეხვედრა. საკითხი განხილულია და პროცესი მიმდინარეობს. ამინდის პირობებიდან გამომდინარე, რადგან ახლა აზრი არ აქვს მშენებლობის დაწყებას, როცა შესაძლებელი იქნება სამუშაოების დაწყება, მაშინ დავიწყებთ. ეს საკითხი ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც დადებითად გადაწყდება. შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე შედგენილია“.
როგორც მერი ამბობს, შენობის მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების ახალი შენობის მშენებლობა 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში არსებული სასწრაფო დახმარების შენობაში გემოდიალიზის ცენტრი გაიხსნება.