ყირიმის ხიდის აფეთქების „საქმის“ რვა ფიგურანტი, მათ შორის ახალქალაქელი არტურ თერჩანიანი, უვადო პატიმრობას კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდიან. სააპელაციო სამხედრო სასამართლომ ძალაში დატოვა 2022 წელს ყირიმის ხიდზე მომხდარი ტერაქტის საქმეზე რვა ფიგურანტისთვის გამოტანილი უვადო პატიმრობის განაჩენი, წერს „РИА Новости“ სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით — ამის შესახებ რუსულმა სააგენტო „РИА Новости Крым“-მა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც საავტომობილო გზის ნაწილი წყალში ჩაინგრა და საწვავით სავსე რამდენიმე ცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა. რუსული ძალოვანი სტრუქტურების ოფიციალური ვერსიით, აფეთქება თითქოს რვა კაცისგან შემდგარმა ორგანიზებულმა ჯგუფმა განახორციელა. „საქმის“ ფიგურანტებს ბრალი წაუყენეს „ტერორისტულ აქტში“, „ფეთქებადი მოწყობილობების უკანონო ბრუნვასა“ და „ფეთქებადი ნივთიერებების კონტრაბანდაში“.
„საქმეში“ ფიგურირებენ: არტემ და გიორგი აზატიანები (არმავირიდან, კრასნოდარის მხარე), ოლეგ ანტიპოვი (სანქტ-პეტერბურგი), ალექსანდრ ბილინი (სტარი ოსკოლი), ვლადიმირ ზლობი (აკმესჯითი), რომიან სოლომკო (ხერსონი), არტურ თერჩანიანი (ახალქალაქი, საქართველო, თუმცა საქმეში სომხეთის მოქალაქედ არის მითითებული) და დმიტრი ტიაჟელიხი (ლიპეცკი).
2025 წლის ნოემბერში დონის როსტოვის სამხრეთ ოლქის სამხედრო სასამართლომ „საქმის“ ყველა რვა ფიგურანტს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და რუსი პროკურორის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
რუსული მხარის მონაცემებით, სამშენებლო პოლიეთილენის ფირში შეფუთული ჭურვები თითქოს ოდესიდან ბულგარეთში გაიგზავნა, საიდანაც – საქართველოს ქალაქ ფოთში. ფოთიდან ტვირთი სახმელეთო გზით სომხეთში ჩავიდა, სადაც საბაჟო გაფორმება გაიარა, შემდეგ კი კვლავ სახმელეთო მარშრუტით რუსეთში, კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირში ჩაიტანეს. იქ ტვირთი საწყობში ჩამოტვირთეს, მოგვიანებით კი სხვა სატვირთო ავტომობილში გადატვირთეს, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა.
საქართველოს ფოთის პორტიდან არმავირამდე სატვირთოს არტურ თერჩანიანი მართავდა – სომხეთის მოქალაქე, რომელიც მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ახალქალაქში ცხოვრობს. ქართულმა ორგანიზაციამ, რომელთანაც თერჩანიანი თანამშრომლობდა, შეკვეთა Viber-ის მეშვეობით, სატვირთო გადაზიდვების ერთ-ერთი ჩატიდან მიიღო, რაც საქართველოში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. რუსულმა მხარემ თერჩანიანს „დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან შეთქმულება და ფეთქებადი ნივთიერებების გადაზიდვა“ მიაწერა. მისი ადვოკატი უარყოფს ბრალდებას და აღნიშნავს, რომ მძღოლი უბრალოდ ასრულებდა თავის ჩვეულებრივ სამუშაოს – გადაჰქონდა ტვირთი A პუნქტიდან B პუნქტში. ადვოკატის თქმით, თერჩანიანის ადგილას შესაძლოა ნებისმიერი მძღოლი ყოფილიყო. უფლებადამცველებს ასევე უკვირთ ის ფაქტი, რომ ასაფეთქებელ ნივთიერებას სამი ქვეყნის — ბულგარეთის, სომხეთისა და საქართველოს ტერიტორია ისე შეეძლო გაეარა, რომ საბაჟო სამსახურებს არაფერი შეემჩნიათ. ეს სამი ქვეყანა აცხადებს, რომ ტვირთმა ყველა საჭირო საბაჟო პროცედურა გაიარა.