ბულგარეთში სტარტს იღებს ევროპის ჩემპიონატი კრივში. უკვე პირველივე საშეჯიბრო დღეს ქართველი, კერძოდ კი ახალქალაქელი გულშემატკივრების ყურადღება გორ აივაზიანის გამოსვლაზე იქნება მიპყრობილი.
საქართველოს ნაკრების ახალქალაქელი მოკრივის პირველი მეტოქე საფრანგეთის წარმომადგენელი ბილალ ბენამა გახდება. ორთაბრძოლა 17 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრა A რინგზე, პირველი საშეჯიბრო სესიის ფარგლებში ჩატარდება – აივაზიანი პროგრამით მეექვსე ბრძოლას გამართავს. სესიის დასაწყისი საქართველოს დროით 14:30 საათზეა დაგეგმილი.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ათი სპორტსმენი წარადგენს – შვიდი მამაკაცი და სამი ქალი. კაცთა ნაკრებში იასპარეზებენ:
სახილ ალახვერდოვი (50 კგ-მდე)
გორ აივაზიანი (55 კგ-მდე)
გიორგი კაპანაძე (60 კგ-მდე)
ლაშა გაგნიძე (65 კგ-მდე)
ლუკა მაჭუტაძე (80 კგ-მდე)
გიორგი ყუშიტაშვილი (90 კგ-მდე)
ნიკოლოზ ბეგაძე (90+ კგ)
ქალთა ნაკრებს კი წარმოადგენენ:
ნინო ჩითაძე (48 კგ-მდე)
ლორენა სურმანიძე (65 კგ-მდე)
თათია ბუკია (80 კგ-მდე)
ნაკრების მთავარი მწვრთნელია ბეჟან ჭიჭინავა. სამწვრთნელო შტაბს ასევე შეადგენენ ილია თლაშაძე და თემურ ოჩიგავა. გუნდის სამედიცინო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ექიმი გიორგი ლიპარტია. დელეგაციას სათავეში უდგას კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ლობჟანიძე, ხოლო გენერალური მდივანია დავით ციკლაური.
ევროპის ჩემპიონატი კრივში სოფიაში 15-დან 26 სექტემბრამდე იმართება.
გორ აივაზიანი ახალქალაქელი ქართველი მოკრივე და ადგილობრივი კრივის სკოლის აღზრდილია. მისი მწვრთნელია გაგიკ ელისბარიანი. აივაზიანი ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია. 2022 წელს მან ოქროს მედალი მოიპოვა სოფიაში გამართულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო 2025 წელს ბუდაპეშტში გამართული ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.