ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების მცხოვრებლები წლობით გადიან ჰემოდიალიზს ახალციხეში, რის გამოც, გადაადგილებასთან დაკავშირებით სირთულეები ექმნებათ, რაც ნეგატიურად აისახება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დღეისათვის მათი ერთადერთი თხოვნაა – ჰემოდიალიზის ცენტრი ახალქალაქში გაიხსნას.

ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან თირკმელების უკმარისობით დაავადებული 40-მდე ადამიანს ახალციხემდე მიხვეულ-მოხვეული გზის გავლა კვირაში სამჯერ უწევს, დიალიზის შემდეგ კი, სახლში ბრუნდებიან.

„ავადმყოფები, სუსტი ხალხი ვართ, მაგრამ გვინდა თუ არა, მივდივართ. 100%-იან დიეტაზე ვართ. არაფერი გვეჭმევა, ხილიც კი. აქ მხოლოდ ცენტრი რომ გაიხსნას, ნინოწმინდის და ახალქალაქის მცხოვრებლები დიალიზს აქ გაივლიდნენ, ცოტათი მაინც გაგვიადვილდებოდა მდგომარეობა. მგზავრობის ხარჯი შემცირდება, ბენზინი გაძვირდა, სოფლებიდან მივდივართ. მოხუცები ვართ, არ ვმუშაობთ, საიდან ამდენი ფული? ისე მოხდა, რომ გზაში ზოგიერთი ჩვენგანი ცუდად ხდება, მაგრამ ვერაფრით ვეხმარებით, რადგან ყველანი ავადმყოფები ვართ“, – თქვა დიალიზზე მყოფმა ერთ-ერთმა პაციენტმა.

ახალქალაქიდან ერთი სტრანსპორტით 13 ადამიანი მგზავრობს, მაგრამ ახალქალაქიდან ახალციხეში დაახლოებით 40 ადამიანი დადის დიალიზისთვის.

დიალიზზე მყოფი ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც 4,5 წლის განმავლობაში გერმანიაში იმკურნალა, ამბობს, რომ გერმანიაში პაციენტებისთვის ყველაფერი უფასოდ არის. არ აქვს მნიშვნელობა, პაციენტი გერმანიის მოქალაქეა, თუ არა.

“გერმანიის საქართველოსთან შედარება შეუძლებელია, როგორც მედიცინით, ისე სისუფთავით. ყოველ პაციენტს ყოველთვიურად 400 ევროს აძლევენ, წამლები უფასოა. კოლოსალური სხვაობაა. იქ 4,5 წელი გავატარე, სამედიცინო აღჭურვილობა 2 თაობით წინ არის ვიდრე აქ. ვიცოდი, რომ აქ სირთულეები იქნებოდა, მაგრამ იქ დარჩენაც აღარ შემეძლო, მენატრებოდნენ შვილები, შვილიშვილები, ვეღარ ვძლებდი”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ახალციხიდან დაბრუნებისას ისე იღლება, რომ წნევა 240-მდე უწევს.

“ევროპაში, ფეხით, 10 კმ-ზე მეტი მანძილის გავლის უფლებას არ გაძლევენ, საავადმყოფოში ისეთი კომფორტული ავტომობილებით მიჰყავთ პაციენტები, რომ გზაში დაღლა წარმოუდგენელია”, – ამბობს პაციენტი, რომელმაც დიალიზი ევროპაში მიიღო და რომელიც ახლა სამკურნალოდ ახალციხეში დადის.

დიალიზი აქ უფასოა, მაგრამ წამლები ფასიანია. თვეში 40 ლარს ვიხდით, რათა ახალციხემდე მივაღწიოთ, გზის დანარჩენ ხარჯს საავადმყოფო იხდის.

“მამა სოფელ დილიფადან ჩამომყავს, რათა აქედან ახალციხეში წავიყვანო, 20 ლარის ბენზინს ვასხამ, შემდეგ ისევ ვასხამ 20 ლარის საწვავს, რომ სახლში წამოვიყვანო, კვირაში 120 ლარს ვხარჯავ, თვეში 500 ლარი, რათა მამაჩემმა განაგრძოს დიალიზის მიღება. ჩვენი საერთო თხოვნაა, ცენტრი ახალქალაქშიც გაიხსნას”, ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფის მცხოვრები.

მისივე თქმით, 10 დღის წინ დიალიზზე მყოფი ერთ-ერთი პაციენტი ცუდად გახდა, სასწრაფოც კი გამოიძახეს.

ადამიანები, რომლებიც 15 წელია ჰემოდიალიზზე იმყოფებიან, იმედს არ კარგავენ, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ახალციხემდე ჩასვლა არ მოუწევთ. ისინი მუდამ ერთი ქალაქიდან მეორეში დადიან, რათა იცოცხლონ.

ადამიანებს, რომლებიც ჰემოდიალიზს იღებენ, ერთი თხოვნა აქვთ: ჰემოდიალიზის ცენტრი ახალქალაქშიც გაიხსნას.

უნდა აღინიშნოს, რომ ხანგრძლივი განხილვების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, ახალქალაქის საავადმყოფოს წინ გამოყონ ტერიტორია სასწრაფო დახმარების ახალი შენობის ასაშენებლად, ხოლო მოქმედი შენობა კი ჰემოდიალიზის ცენტრად გადააკეთონ. იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ჰემოდიალიზის ცენტრის გახსნის პროცესი, ჩვენს შემდგომ მასალებში შეგატყობინებთ.