ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებმა არ იციან რა გააკეთონ – უკვე მეორე წელია მათი ქუჩა დანგრეულია, მალე კი წვიმების სეზონი იწყება.
კომპანია, რომელიც ქუჩის რემონტს ახორციელებს, უარს ამბობს გზის დაგებაზე, რადგან წყალმომარაგება და კანალიზაცია ძალიან ზედაპირულად არის გაკეთებული. ახალქალაქის მერია პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს, თუმცა ჯერ არ შეთანხმებულან.
კომპანია “ჯავახავტოგზამ” ჯავახეთის ქუჩის გარემონტების ელექტრონულ ტენდერში მოიგო, თუმცა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნოდარ ინასარიძე ამბობს, რომ წყლისა და კანალიზაციის ხაზის გამოცვლის სამუშაოები სათანადოდ არ ჩატარებულა, ამიტომ გზის მოასფალტებას აღარ გააგრძელებენ. კერძო მეწარმე ვარდან ჩოლახიანი, რომელმაც წყალსადენსა და ახალ საკანალიზაციო ხაზზე იმუშავა, ამბობს, რომ სამუშაოები პროექტის შესაბამისად დაასრულა.
ახალქალაქის მერი საქმის კურსშია და მხარეებთან ცალკე შეხვედრები გამართა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„საკითხს ჯერ კიდევ განვიხილავთ, 4 ოქტომბერს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, პარასკევს კი დეპარტამენტის უფროსს ველოდებით, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. ვრცელი თემაა, რის გამოც მხარეები ვერ თანხმდებიან, დრო გადის და ზარალს მხოლოდ მოსახლეობა ნახულობს. კარგად მესმის ამ ხალხის“, – აცხადებს მერი მელქონ მაკარიანი Jnews-სთან საუბარში.
ახალქალაქში ჯავახეთის ქუჩა 2020 წლიდან არახელსაყრელ მდგომარეობაშია. ახალციხე-ახალქალაქის საავტომობილო გზის სამუშაოებისას უნდა მოასფალტებულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ქუჩაზე წყლის მილები ძველია, კანალიზაცია კი არ იყო. პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები ჩატარდა, შემდეგ ასფალტის საფარის მოწყობის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა და ის “ჯავახავტოგზამ” მოიგო.
ჯავახეთის ქუჩის მოასფალტება ჭიანურდება
ჯავახეთის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია დაიწყება
ჯავახეთის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები დაიწყება
ჯავახეთის ქუჩის თავიდან მოასფალტება იგეგმება
ჯავახეთის ქუჩაზე კანალიზაციის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს