საკანალიზაციო სისტემის მშენებლობაზე მუშაობა ჯავახეთის ქუჩაზე მომავალი კვირიდან დაიწყება. სამშენებლო კომპანიაში იმედოვნებენ, რომ სამუშაოები 4 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც ქუჩა მოასფალტდება.
ჯავახეთის ქუჩაზე ასფალტი მთლიანად დანგრეულია, მძღოლებს გავლა უჭირთ, ისინი ყველანაირად ცდილობენ ორმოებს გვერდი აუქციონ. როგორც ახალქალაქის მერიაში აცხადებენ, გზაზე ასფალტის საფარი მას შემდეგ მოწესრიგდება, რაც ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის პრობლემა მოგვარდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ახალციხე-ახალქალაქის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ელექტრონული ტენდერი კომპანია „საგზაო სამშენებლო სამმართველო No1“-მა 5 744 000.00 ლარის ოდენობით მოიგო. ტენდერის შესაბამისად, გათვალისწინებულია ჯავახეთის ქუჩის ასფალტირება.
ახალქალაქის მერის, იურიკ უნანიანის თქმით, მითითებული ქუჩაზე ასფალტი კანალიზაციის სისტემის შეკეთების შემდეგ მოეწყობა. უკვე გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი ახალი საკანალიზაციო ქსელების მოწყობაზე, რაშიც გაიმარჯვა კომპანია “მშენებლობამ” 603 700 00 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 4 თვეში, 2022 წლის 18 იანვრის ჩათვლით უნდა დასრულდეს.
კომპანია “მშენებლობის” დირექტორის, ზურაბ გუგეშაშვილის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები მომავალ კვირაში დაიწყება და 4 თვის განმავლობაში დასრულდება, ამინდის პირობებიდან გამომდინარე.
ჯავახეთის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის გაყვანის შემდეგ, კომპანია ახალციხე-ახალქალაქის გზის მოასფალტებას განაგრძობს.