ახალქალაქში, ჯავახეთის ქუჩაზე საკანალიზაციო ხაზების სარემონტო სამუშაოები დაიწყო. გზის ერთი მხარე უკვე გათხრილია, რაც ამ ქუჩის გასწვრივ გადაადგილებას ართულებს.
ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა განაცხადა, რომ სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება:
„პირველ ეტაპზე კანალიზაციის ხაზებს შევაკეთებთ, მეორე ეტაპზე კი ასფალტს დავაგებთ. სამუშაოები უკვე დაწყებულია“.
კანალიზაციის ხაზის შეკეთების დრო ამინდსა და ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებზეა დამოკიდებულია.
ახალი საკანალიზაციო ხაზების მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გაიმართა. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „მშენებლობა“ 603 700.00 ლარად ახორციელებს.
ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები უკვე დაიწყო და 4 თვეში დასრულდება – 2022 წლის 18 იანვრის ჩათვლით.