აგროდაზღვევა, რომელიც მთავარი რისკებისგან არ აზღვევს

აგროდაზღვევა, რომელიც მთავარი რისკებისგან არ აზღვევს

საქართველოში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, ამიტომ სტიქიებისა და მოსავლის განადგურებისას კომპენსაციის მოთხოვნაზე პასუხი ყოველთვის ერთნაირია: „სახელმწიფო აგროდაზღვევაში სახსრებს დებს და ფერმერებს შეუძლიათ თავიანთი მოსავალი დააზღვიონ, რათა კომპენსაცია მიიღონ“. თუმცა აგროდაზღვევა საშემოდგომო ყინვებს არ აზღვევს და ფერმერები, რომლებმაც მოსავალი დააზღვიეს, სადაზღვევო კომპანიებისგან კომპენსაციას ვერ მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავალი პირველი თოვლის ქვეშ მოექცა და გაიყინა. მუნიციპალიტეტის დაახლოებით 100-მა ფერმერმა ცენტრალურ ხელისუფლებას ოფიციალური განცხადებით მიმართა, ზარალის მასშტაბების შეფასებისა და კომპენსაციების გაცემის საკითხის განხილვის თხოვნით.

ბევრ ფერმერს დადებითი პასუხის იმედი არ აქვს, რადგან ბოლო წლებში, როდესაც სტიქიური უბედურებები ხდებოდა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლები დაზარალებული ფერმერების მიმართვების საპასუხოდ აგროდაზღვევის პროგრამის არსებობაზე მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ფერმერებს თავიანთი მოსავალი უნდა დაეზღვიათ.

თუმცა აგროდაზღვევა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში პოპულარობით არ სარგებლობს. სხვადასხვა მიზეზის გამო ფერმერები მოსავლის დაზღვევაზე უარს ამბობენ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ სადაზღვევო კომპანიები დაზღვევის პირობებში საშემოდგომო ყინვებს არ ითვალისწინებენ, რაც ჯავახეთში სავსებით მოსალოდნელი და ხშირია. როგორც, მაგალითად, წელს, როდესაც მიახლოებითი შეფასებით, მოსავლის დაახლოებით 30% თოვლის ქვეშ დარჩა.

ფერმერი ვარაზდატ სალვარიანი ყვება, რომ მოსავალი არ დაუზღვევია, რადგან ამაში აზრს ვერ ხედავს.

„საქართველოში ყველა სადაზღვევო კომპანია მოსავალს მხოლოდ 1-ელ სექტემბრამდე აზღვევს. მე ჩემი მოსავალი არ დამიზღვევია. მაგრამ რომც დამეზღვია, კომპენსაციას მაინც ვერ მივიღებდი, რადგან სადაზღვევო კომპანიების პირობების მიხედვით, დაზღვევის მოქმედების ვადა 1-ელ სექტემბერს იწურება. გამოდის, რომ დაცვა მხოლოდ სეტყვისგანაა საჭირო. გამოდის, ჩვენს ინტერესებს არ ითვალისწინებენ. მათ მიაჩნიათ, რომ 1-ელი სექტემბრის შემდეგ ჩვენთან სეზონი მთავრდება“, — ამბობს ვარაზდატ სალვარიანი.

ფერმერმა ჰოვიკ მურადიანმა მოსავლის ნაწილი დააზღვია, თუმცა იმ ნაწილის აღება ვერ მოასწრო, რომელიც დაზღვეული არ ჰქონდა. ის სახელმწიფოს სთავაზობს, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზღვევის მოქმედ წესებში კონკრეტული ცვლილებები შეიტანოს.

„სადაზღვევო კომპანიები მოსავალს საშემოდგომო ყინვებისა და ჭარბი ნალექებისგან არ აზღვევენ. მათ წესებში ასეთი რისკები გათვალისწინებული არ არის. ეს პირობები სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და ყველა სადაზღვევო კომპანიისთვის ერთნაირია. ჩვენ უნდა მივმართოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებით, რომ ეს რისკებიც გაითვალისწინონ, თუ სახელმწიფო დაინტერესებულია, რომ ფერმერებმა თავიანთი მოსავალი დააზღვიონ.

მოსავალს ოქტომბერში ვიღებთ, თუმცა ამ პერიოდშიც შეიძლება ძლიერი წვიმები მოვიდეს. აუცილებელია ჩვენი პირობების გათვალისწინება და გვიანი ყინვებისა და ჭარბი ნალექებისგან დაზღვევის შემოღება“, — ამბობს ჰოვიკ მურადიანი.

აღსანიშნავია, რომ წინა წლებში, როდესაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფერმერები სხვადასხვა სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სახელმწიფოს მიმართავდნენ, მათ უარს ეუბნებოდნენ იმ არგუმენტით, რომ ქვეყანაში აგროდაზღვევის პროგრამა მოქმედებს და ფერმერებმა მოსავალი თავად უნდა დააზღვიონ.

თუმცა ჯავახეთი მკაცრი კლიმატური პირობებით გამოირჩევა, რაც სოფლის მეურნეობისთვის რისკებს წლის ყველა სეზონზე ქმნის. თუ სადაზღვევო კომპანიები სადაზღვევო შემთხვევების ჩამონათვალში საშემოდგომო ყინვებს არ შეიტანენ, ჯავახელი ფერმერებისთვის აგროდაზღვევა მიმზიდველობის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს და მოსავლის სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე