ახალქალაქში ჰემოდიალიზის ცენტრის გახსნის საკითხი მრავალი წელია განიხილება და ამის აუცილებლობა ნამდვილად არსებობს. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებს ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან კვირაში ორჯერ ან სამჯერ ახალციხეში ჰემოდიალიზზე ჩასვლა უწევთ.
Jnews-მა არაერთხელ განიხილა ეს თემა, ესაუბრა ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერს, ყოფილ და მოქმედ მერს, პასუხები კი მსგავსი იყო – “განხილვის ეტაპზეა”, მაგრამ დისკუსიის დეტალები ყოველ ჯერზე იცვლება. როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილებით ჰემოდიალიზის ცენტრი სასწრაფო დახმარების სამსახურის ამჟამინდელ შენობაში უნდა გახსნილიყო, რისთვისაც ახალი შენობა უნდა აშენებულიყო. საავადმყოფოსთან ტერიტორიაც კი მოიძებნა, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურის ახალი შენობისთვის იყო გამოყოფილი, მაგრამ პროექტი ვერ განხორციელდა. შემდეგ ახალქალაქის საავადმყოფოს ბოლო სართულზე დიალიზის ცენტრის გახსნა გადაწყვიტეს, რაზეც ჯერ კიდევ 2019 წელს საუბრობდნენ, მაგრამ არც იქ გახსნილა.
2022 წლის ბოლოს ჰემოდიალიზის ცენტრის გახსნაზე დისკუსია განახლდა. ალექსან თოროიანმა ევექსის კლინიკის ადმინისტრაციასთან კლინიკაში ცენტრის გახსნის საკითხიც განიხილა. ამჟამად საბოლოო პროექტსა და დაფინანსების საკითხებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მერმა მელქონ მაკარიანმა Jnews-ს სატელეფონო საუბარში აცნობა, რომ თოროიანთან ეს საკითხი განიხილეს და პროექტი მზად არის.
„დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 700 000 ლარის ღირებულების პროექტია, რომლის დიდ ნაწილს ევექსი აფინანსებს, დანარჩენზე კი ერთად ვმუშაობთ. ჯანდაცვის სამინისტროსაც ვთხოვეთ, რომ წვლილი შეიტანოს, რათა ევექსთან ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღოთ. თუ სამინისტროს პასუხი უარყოფითი იქნება, თავად გადავწყვეტთ, რისი გაკეთება შეგვიძლია“, – განმარტავს ახალქალაქის მერი.
შეგიძლიათ გაეცნოთ:
ახალქალაქში სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა ჭიანურდება
ჰემოდიალიზის ცენტრი სასწრაფო დახმარების ძველ შენობაში განთავსდება