ჯავახეთის ქუჩაზე, რომელიც 2020 წლიდან ავარიულ მდგომარეობაშია, ასფალტის დაგება თბილი ამინდის დადგომისთანავე დაიწყება. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ “ჯავახავთოგზასთან” 2022 წელს დადებული ხელშეკრულება კვლავ ძალაშია.

ქუჩაზე 2020 წელს ახალციხე-ახალქალაქის საავტომობილო გზის ასფალტირებისას უნდა ეზრუნათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯავახეთის ქუჩის წყლის მილები მოძველებულია, კანალიზაცია საერთოდ არ არის, ამიტომ, თავდაპირველად, ამ პრობლემაზე იმუშავეს, რის შემდეგაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ასფალტზე ახალი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც “ჯავახავთოგზამ” გაიმარჯვა.

ასფალტის დაგება არც 2022 წელს დაწყებულა. გამარჯვებულმა კომპანიამ ქუჩის დაგებაზე უარი წყლის ძველი მილებისა და კანალიზაციის უქონლობის გამო თქვა. ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, მხარეები საერთო აზრზე შეჯერდნენ, მაგრამ დაზამთრდა და ქუჩა ასფალტის გარეშე დარჩა.

ახალქალაქის მერიაში ირწმუნებიან, რომ სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.

„მოგეხსენებათ, ჯავახეთის ქუჩის გარემონტების ხელშეკრულება ძალაშია, ეს არის გრძელვადიანი პროექტი და კომპანია „ჯავახავტოგზა“ ვალდებულია ეს სამუშაო წელს დაასრულოს. რადგან შარშან ამინდის პირობებმა გაგრძელების საშუალება არ მოგვცა,  იგი 2023 წლისთვის გადავდეთ და ახლა, როგორც კი დათბება, საქმეს შევუდგებით“, – განაცხადა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.

“ჯავახავთოგზას” აღმასრულებელი დირექტორი ნოდარ ინასარიძე კი დარწმუნებული არ არის, რომ ჯავახეთის ქუჩის მოასფალტება უპრობლემოდ ჩაივლის.

„სამუშაოს გაზაფხულზე გავაგრძელებთ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ იქ რამე გამოვა, რადგან მიწისქვეშა კომუნიკაციები უნდა შეიცვალოს, რადგან ზედაპირულად და არასწორად არის გაკეთებული. იგი გზის დასაწყისში გამოიცვალეს, მაგრამ დანარჩენი ქუჩა ხელუხლებლად დატოვეს. როცა მუშაობას დავიწყებთ, პრობლემები იჩენს თავს, რადგან  დიდი ტექნიკის მოძრაობის გამო მილები სკდება. ასფალტი მილებზე არ იყრება, ამისთვის საძირკველია საჭირო“, – ამბობს ნოდარ ინასარიძე.

შეგიძლიათ გაეცნოთ:

თავისუფლების ქუჩაზე ასფალტის ახალ საფარს დააგებენ

ჯავახეთის ქუჩის მოასფალტება ჭიანურდება

ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლები მხარეებს შორის უთანხმოების გამო ზარალდებიან

ჯავახეთის ქუჩის მოასფალტება განახლდება, მაგრამ…