ახალქალაქში, წლეულს, თავისუფლების ქუჩის ბოლო ნაწილს (გაზგასამართი სადგურის საპირისპირო მხარე) კაპიტალურად გაარემონტებენ. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42 920 ლარი იყო გამოყოფილი.
თავისუფლების ქუჩის ბოლო ნაწილი მძღოლებისთვის, რამდენიმე წელია კოშმარად იქცა. ქუჩის ამ მონაკვეთში ავტომობილების ორმოებს გვერდის ისე ვერ აუქცევენ, საპირისპირო ზოლზე ან ტროტუარზე არ გადავიდნენ, რითაც ავარიული ვითარება იქმნება.
ახალქალაქის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტის, რაზმიკ ნახატაკიანის თქმით, წინა პროექტებზე დანაზოგი სახსრებით თავისუფლების ქუჩის ბოლო ნაწილზე, 58.6 მეტრი სიგრძის გზა გარემონტდება.
“პროექტი მზად არის, ამისთვის 42 920 ლარია გამოყოფილი, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის გამოცხადდება ტენდერი”, – კომენტარი გააკეთა რაზმიკ ნახატაკიანმა.
მისივე თქმით, იმავე ქუჩაზე, ორმოები ცალკე გარემონტდება, ორმოების საერთო გარემონტების დროს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 16 დეკემბერს JNEWS-თან ინტერვიუში ახალქალაქის მერიის ფინანსური განყოფილების უფროსმა მკრტიჩ მღდესიანმა თქვა, რომ ეს ორმოები კომპანიას 2018 წელს უნდა ამოევსო.
ახალქალაქში ორმოების რემონტზე ტენდერი 2019 წელს, საკმაოდ გვიან გამოცხადდა, მერია და შემსრულებელი კომპანია, შარშანდელ რემონტზე ვერ შეთანხმდნენ. თუმცა, 2019 წლის მაისში მათ შეთანხმებას მიაღწიეს და კომპანიამ შარშანდელი სამუშაო შეასრულა. 2018 წელს ახალქალაქში ორმოების გარემონტებაზე ტენდერი ორჯერ იყო გამოცხადებული და ორივეჯერ კომპანია “ჯავახ ავტო გზამ” მოიგო.