ახალქალაქის ბიუჯეტიდან რეგიონულ სარაგბო კლუბ „ტაოს“ დამატებით 15 000 ლარი გამოიყო. თუმცა, წელს ადგილობრივ ბიუჯეტში კლუბისთვის უკვე 55 000 ლარია გამოყოფილი.
2023 წლის 12 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სარაგბო კლუბ „ტაო“-ს პრეზიდენტმა ირაკლი კვენტაძემ ახალქალაქის მუნიციპალიტეტს კლუბის შვიდწლიანი დაფინანსების პერიოდში პირველად ჩააბარა ანგარიში. მას უნდოდა იმის თქმა, რომ კლუბის ხარჯები გაიზარდა და იმისთვის, რომ რეგიონულმა კლუბმა უკეთეს შედეგებს მიაღწიოს, კარგი მოთამაშეები უნდა აიყვანონ, რისთვისაც აუცილებელია მუნიციპალიტეტების დაფინანსების გაზრდა. იმ დროისთვის ტაოს გუნდებში არც ერთი ახალქალაქელი არ იყო, კლუბის საქმიანობა შეუმჩნეველი იყო და მაშინ საკრებულოს დეპუტატებმა გააკრიტიკეს. თუმცა, საბოლოოდ, საკრებულომ დაამტკიცა არა მხოლოდ ბიუჯეტით გამოყოფილი 55 000 ლარი, არამედ დამატებით 15 000 ლარიც.
„დამატებით 15 000 ლარი გამოვყეთ, ეს ყველაზე მცირე თანხა იყო რეგიონის მასშტაბებში. დამატებითი ფინანსები გამოიყო, რადგან მოგვმართეს და გვაჩვენეს, რომ მათი ხარჯები გაიზარდა. მას შემდეგ რაც საკრებულოში მოხსენება გააკეთეს, ვნახეთ, რომ „ტაომ” ადგილობრივად უფრო დაიწყო მუშაობა. რამდენჯერმე ჩამოვიდნენ, ჩამოიყვანეს ცნობილი მორაგბეები ბავშვებთან შესახვედრად, ანუ დაიწყეს რაგბის პოპულარიზაცია ჩვენს ქალაქში“, – კომენტარი გააკეთა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა.
“ტაოს” ანგარიშის შემდეგ, 2023 წლის ზაფხულში ახალქალაქში რაგბის ორი ფესტივალი გაიმართა, კიდევ ერთი, ახალქალაქის სასპორტო სკოლის ინფორმაციით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს. ასევე, ახალქალაქში მცხოვრები გრიგორ თუმასიანი რეგიონულ ახალგაზრდულ გუნდ „ტაოში“ მოხვდა.
არასამეწარმეო იურიდიული პირი „სამცხე-ჯავახეთის რაგბის კლუბი ტაო“ 2016 წელს მუნიციპალიტეტების მიერ შეიქმნა, შემდეგ კი სარაგბო ბაზის ბიუჯეტის დაფინანსების სქემა შეიქმნა. 2016 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტი კლუბს ჯერ არ აფინანსებდა, თუმცა მომდევნო ორ წელიწადში კლუბმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 40 000 ლარი მიიღო, ამის შემდეგ კი 2019 წლიდან ყოველწლიურად 55 000 ლარი. წელს დამატებითი დაფინანსების შემდეგ თანხა 70 000 ლარი გახდა. ზოგადად, 2017 წლიდან დღემდე რეგიონულ კლუბ „ტაოს“ ახალქალაქის ბიუჯეტიდან 425 000 ლარი აქვს შემოსული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ორგანიზაციამ 2021 წლის კვლევაში დაამტკვიცა, რომ „2012-2013 წლებში ფონდ „ქართუმ“ ორგანიზება გაუკეთა ასპინძაში სარაგბო ბაზას , რომელიც შპს რაგბის მხარდაჭერის ალიანსი Р-15 “ ეკუთვნის. ამ შპს-ს ორივე დამფუძნებელს – „რაგბის მხარდაჭერის ალიანსს“ (20%) და „აუტ ასოციაციას“ (80%) აქვთ ბიძინა ივანიშვილთან და „ქართული ოცნების“ პარტიასთან უშუალო კავშირი.