1 ნოემბერს, ახალქალაქში, №5 სკოლის ეზოში რაგბის ღონისძიება გაიმართა. ახალქალაქის სპორტული სკოლის თინეიჯერების გუნდმა რეგიონულ რაგბის კლუბ „ტაოს“ წარმომადგენლებთან ერთად ვარჯიში გამართეს.
მსგავსი ღონისძიების ჩატარების ინიციატივა სპორტსკოლასა და რაგბის რეგიონულ კლუბ „ტაოს“ ეკუთვნის. ტაოს ძირითადი გუნდის წევრები, პროფესიონალი მორაგბეები პატარა მოთამაშეების მოსამზადებლად მოვიდნენ.
“ჩვენი ვარჯიში ჩვეულ ვარჯიშისავით მიმდინარეობს, მაგრამ ვარჯიშის პროცესში გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ისე, რომ ვივარჯიშოთ რაგბის ლიგასა და რაგბის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, რათა ბიჭები შთავაგონოთ”, – თქვა რაფაელ დარბინიანმა.
“ტაოს” მენეჯერის დათო მგელაძის თქმით, მსგავსი ღონისძიებები რეგულარულად იმართება.
„ჩვენ ბავშვთა რაგბი მთელს რეგიონში გვაქვს და ახლა ვმართავთ რაგბის ფესტივალს 14 წლამდე ბავშვებისთვის. აქ ჩამოვიდა ორი მოთამაშე, რომლებიც თამაშობენ “ტაოს” ძირითად გუნდში, ასევე ადგილობრივი გრიგორი, რომელიც თამაშობს “ტაოს” ახალგაზრდულ გუნდში. ის ასპინძაში ხშირად ჩამოდის, იქ დიდი ინფრასტრუქტურა გვაქვს – სარაგბო ბაზა, ასევე იმყოფება ასეთი ადგილობრივი ფესტივალებიც“, – აღნიშნა მან.
ღონისძიების დასასრულს ყველას გადაეცა სერთიფიკატი.
როგორც ტრენერმა რაფაელ დარბინიანმა აღნიშნა, ახალქალაქში რაგბის განვითარების პოტენციალი არსებობს, თუმცა მუნიციპალიტეტს სპეციალური ინფრასტრუქტურა აკლია.
„რადგან ამჟამად რეგიონული კლუბი „ტაო“ გვაქვს, იქ ჩართული არიან ძალიან ძლიერი სპეციალისტები, მსოფლიო დონის ვარსკვლავები, რეგიონში რაგბის განვითარების გზა გვაქვს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კი რაგბის განვითარების მიზნით ყურადღება უნდა მიაქციოთ ინფრასტრუქტურას: სტადიონს, გასახდელს, საშხაპეს, სპორტდარბაზს, რომ კომფორტული იყოს, რათა მშობლებმა, რომლებსაც ბავშვები მოჰყავთ ნახონ ეს. რა თქმა უნდა რაგბთან დაკავშირებული მეტი აგიტაცია და ახსნა-განმარტებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს“, – აღნიშნა დარბინიანმა.
სამცხე-ჯავახეთის რაგბის რეგიონული კლუბი – “TAO” 2016 წელს შეიქმნა. კლუბი ეკუთვნის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტს, მათ შორის ახალქალაქს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი კლუბს ყოველწლიურად ურიცხავს თანხას, ბოლო ორი წლის განმავლობაში 55 000 ლარი გამოიყო.
კლუბს ჰყავს 5 საბავშვო, 2 ახალგაზრდული და 1 პროფესიონალური გუნდი, რომლებიც საქართველოს უმაღლეს ლიგაში ადგილისთვის იბრძვიან.
რაგბი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 12 სკოლაში ისწავლება, მათგან ახალქალაქის მუნიციპალიტეტეტის 4 სკოლაში: ახალქალაქის №1 საჯარო სკოლაში (ჰოვანეს თუმანიანის სახელობის), ახალქალაქის №3 ქართულ სკოლაში, სოფელ ჩუნჩხას და პტენას სკოლებში. ახალქალაქის სპორტსკოლაში ასევე ფუნქციონირებს ბავშვთა სარაგბო სექცია რაფაელ დარბინიანის ხელმძღვანელობით.