ახალქალაქში, №5 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატის ყოფილი საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე, მრავალწლიანი უყურადღებობისა და ავარიული შენობების დემონტაჟის შემდეგ, დიდი პარკის გაშენება იგეგმებოდა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ კიდევ 2023 წელს აცხადებდა. თუმცა, საერთო საცხოვრებლის, სასადილოსა და სამრეცხაოს დანგრევის შემდეგ, ტერიტორიის კეთილმოწყობის კონკრეტული ვადები და პროექტის დაფინანსება ასეც არ განსაზღვრულა. პარკი დღემდე არ აშენებულა. Jnews მა შეეცადა დაეზუსტებინა, კონკრეტულად რა და როდის იგეგმება ამ ტერიტორიაზე.
2023 წლის 23 აგვისტოს JNEWS-მა გამოაქვეყნა მასალა №5 საჯარო სკოლის (ყოფილი სკოლა-ინტერნატის) ტერიტორიაზე ახალი საბავშვო ბაღისა და პარკის მშენებლობის გეგმების შესახებ. მაშინ ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა განაცხადა, რომ ტერიტორია, რომელზეც მიტოვებული შენობები მდებარეობდა, უკვე გადაცემული იყო მუნიციპალიტეტის ბალანსზე, პარკის პროექტი მომზადებული იყო და ამ ადგილას დიდი საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა იგეგმებოდა.
„რაც შეეხება ნანგრევებს, ეს ტერიტორიაც მუნიციპალიტეტის ბალანსზეა აყვანილი, გვაქვს პროექტი, იქ დიდი პარკი აშენდება. საბავშვო ბაღი კი კუთხის ნაწილში აიგება“, – ამბობდა მელქონ მაკარიანი.
ამგვარად, საუბარი იყო არა მხოლოდ ავარიული ნაგებობების დემონტაჟზე, არამედ ტერიტორიის სრულფასოვან კეთილმოწყობაზე, რომელსაც ახალი საზოგადოებრივი დანიშნულება უნდა შეეძინა.
ახალქალაქში ახალი საბავშვო ბაღი და კიდევ ერთი პარკი აშენდება
2025 წლის თებერვალში JNEWS კვლავ დაუბრუნდა ამ ტერიტორიის მომავლის საკითხს ავარიული შენობების დემონტაჟის შემდეგ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა დაადასტურა, რომ დანგრეული შენობების ადგილას პარკის გაშენება იგეგმებოდა. თუმცა, მისი კომენტარიდან გაირკვა, რომ იმ დროისთვის მშენებლობის დაფინანსება ჯერ კიდევ არ იყო გამოყოფილი, ხოლო კეთილმოწყობის პროექტი შედგენილი არ გახლდათ. ამრიგად, მერის განცხადებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ პროექტის განხორციელება კვლავ გაურკვეველი რჩებოდა.
№5 საჯარო სკოლის ტერიტორიის ნაწილზე უკვე აშენდა საბავშვო ბაღი, რომელიც ამჟამად ახალქალაქში ერთადერთი მოქმედი ბაღია. თუმცა, პარკი, რომლის შესახებაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადრე აცხადებდნენ, დღემდე არ გამოჩენილა. ამჟამად ახალქალაქის მერია მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტს აყალიბებს, რომელსაც უახლოეს მომავალში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს. ამასთან დაკავშირებით JNEWS მა დაინტერესდა, იგეგმება თუ არა მომავალ წელს ყოფილი საერთო საცხოვრებლის ტერიტორიის კეთილმოწყობა და იქ პარკის გაშენება, როგორც ეს ადრე იყო დაანონსებული.
რა იქნება „ინტერნატთან“ მდებარე ავარიული შენობების ადგილას
„როდესაც ტერიტორია გავასუფთავეთ, განვიხილავდით, რომ იქ პარკის გაშენება შეიძლებოდა. ჯერჯერობით არ ჩამოვყალიბებულვართ, კონკრეტულად რის გაკეთებას ვგეგმავთ ამ ტერიტორიაზე. ვნახოთ, შესაძლოა, მომავალ წელს პარკის პროექტი შევადგინოთ. ჯერ ასეთი პროექტი არ გვაქვს. ამ ტერიტორიას ასეთ მდგომარეობაში ცალსახად არ დავტოვებთ, მაგრამ კონკრეტულად რას და მის რომელ ნაწილში გავაკეთებთ, ჯერ არ გადაგვიწყვეტია. ამ საკითხზე ჯერ განხილვებიც კი არ ყოფილა. 2027 წლისთვის დაგეგმილია მხოლოდ პარკის მშენებლობა ყოფილ სამხედრო ქალაქში. ასევე გავაკეთებთ ტროტუარებს ქალაქში – მერიიდან დაწყებული მაღაზია „ჯიბემდე““, – განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა.
ფოტო არქივიდან