ფონიჭალაში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მუნიციპალური სამსახურები, პროაქტიულად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები. ოთხი პირი გამოყვანილია ნანგრევებიდან და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში, მათგან ერთის მდგომარეობა, სამწუხაროდ, მძიმეა, თუმცა ყველანი კონტაქტურები არიან, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უბედური შემთხვევის შედაგად უგზოუკვლოდ დაკარგულია შვიდი პირი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.
„შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია მოსახლეობა, ვაგრძელებთ სამაშველო ღონისძიებებს. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ყურის მიდამოში აქვს დაზიანება, თუმცა კონტაქტურია და მძიმე დაზიანება არ უნდა იყოს. სამაშველო ღონისძიებების პირობებში გადმოიხარა საყრდენი კედელი და, შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებების პროცესი შეჩერდა. ნგრევის საფრთხე რეალურად არსებობს. აფეთქების მიზეზი და კერა უშუალოდ იდენტიფიცირებულია და ეს არის გაზის გამათბობლის გამო. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გაზის გამათბობლის ჩართვას ღამით. ის კონტაქტურია და თვითონ გვიყვება ამბავს, რომ ღამით ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთე და დილით ისევ ვცადე ჩართვა, შემდეგ კი მოხდა აფეთქებაო. ეს არის, ამ დრიისთვის რაც შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა თამაზაშვილმა.