საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მოლაპარაკებები გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
თავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კობახიძემ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავი მიულოცა და მეგობარ სომეხ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა. საქართველოს პრემიერმა სომეხ კოლეგას ასევე მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი ღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა თბილისსა და ერევანს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და ხაზი გაესვა უმაღლეს დონეზე პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, რაც ასახვას პოულობს კონკრეტულ შედეგებში სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, კულტურულ სფეროებსა და ხალხთაშორის კონტაქტებში.
მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული მიმდინარე სიტუაცია და დაადასტურეს მზადყოფნა, ყოველმხრივ შეუწყონ ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას.
კობახიძემ შეხვედრა სოციალურ ქსელ X-შიც შეაფასა. პრემიერის თქმით, მხარეებმა ქართულ-სომხური ურთიერთობები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.
„ნიუ-იორკში მომეცა შესაძლებლობა, შევხვედროდი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ ქართულ-სომხური ურთიერთობები და რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე კიდევ ერთხელ დავადგინეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“.
ფოტო არქივიდან