შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დარიალის ხეობაში ამჟამად არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა მოხსნეს. სასაზღვრო გამტარი პუნქტი „დარიალიც“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
დილას დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში წყლის დონის მინიმალური მომატებისას ცვლილებებს აფიქსირებს, განგაშის სიგნალი შევიდა.
პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამტარი პუნქტ „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილას განხორციელდა ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების, ასევე პუნქტში მომუშავე პატრულ-პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციისა და კერძო კომპანიის თანამშრომლების ევაკუაცია.
ამავდროულად, პროფილაქტიკის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.