12 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული რაგბის კლუბის „ტაო“-ს პრეზიდენტმა ირაკლი კვენტაძემ კლუბზე ისაუბრა. ძირითადად საუბარი იყო იმაზე, თუ რა გაკეთდა, რა იგეგმება და რა პერსპექტივები აქვს.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული რაგბის კლუბი – „ტაო“ 2016 წელს დაარსდა. კლუბი რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მათ შორის ახალქალაქს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი კლუბს ყოველწლიურად ურიცხავს თანხას. ბოლო ორი წლის განმავლობაში 55 000 ლარია გამოყოფილი.
კლუბის პრეზიდენტმა არსებობის შვიდი წლის განმავლობაში, წელს პირველად გააკეთა მოხსენება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წინაშე.
კლუბს ჰყავს 5 საბავშვო, 2 ახალგაზრდული და 1 პროფესიული გუნდი, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უმაღლეს ლიგაში ადგილისთვის.
კლუბის პრეზიდენტმა ირაკლი კვენტაძემ ისაუბრა არა მხოლოდ კლუბის მიღწევებზე, არამედ იმაზე, რომ ისინი ეხმარებიან გაჭირვებულებს და პრობლემების მქონე ბავშვებს. თუმცა, გაირკვა, რომ 7 წლის განმავლობაში კლუბი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არც ერთ ოჯახს და არც ბავშვს არ დაეხმარა. გარდა ამისა, არცერთ გუნდში არ არიან ახალქალაქელები.
რაგბი ისწავლება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 12 სკოლაში, მათგან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 4 სკოლაში: ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში (ჰოვანეს თუმანიანის სახელობის), ახალქალაქის მე-3 ქართულ სკოლაში, სოფელ ჩუნჩხასა და პტენას სკოლებში.
დეპუტატებმა მოხსენების მოსმენის შემდეგ არაერთი კითხვა დაუსვეს ახალქალაქში რაგბის განვითარებასთან დაკავშირებით. ისინი უკმაყოფილონი იყვნენ ახალქალაქში რაგბის განვითარებით და აღნიშნეს, რომ ახალქალაქი რეგიონულ სარაგბო კლუბში “არ ჩანს”.
დეპუტატებმა პირველად გაიგეს, რომ რაგბი მუნიციპალიტეტის 4 სკოლაში ისწავლება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში შედეგს ვერ ხედავენ.
“გვინდა ჩვენი ახალგაზრდობა იყოს ჭკვიანი, ჯანსაღი, მეტი შედეგი გვინდა ახალქალაქში, ვხარჯავთ ფულს და გვინდა შედეგი ვიხილოთ. მინდა კლუბში ვნახო ახალქალაქელები”, – თქვა ნაირი ირიციანმა.
ყველა დეპუტატმა აღნიშნა, რომ კლუბის ახალქალაქში რაგბის პოპულარიზაციაზე მუშაობა აუცილებელია და სამომავლოდ ამის გათვალისწინება მოითხოვა.
კლუბის „ტაო“-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ აქამდე ახალქალაქელებს „ტაოს“ დონემდე არ მიუღწევიათ.
შეხვედრის დასასრულს საკრებულოს დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს „ტაო“-ს კლუბის პრეზიდენტს და პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ დაფინანსებას, მაგრამ ასევე შეახსენეს კლუბში ახალქალაქის გააქტიურების აუცილებლობის შესახებ.