ახალქალაქში ქალაქის შუქნიშნების გაუმართაობის პრობლემა კვლავ აქტუალურია. ამ დროისთვის მაშტოც-აზნაურის გზაჯვარედინზე შუქნიშანი გაუმართავია – 2022 წლის აგვისტოდან არ მუშაობს.
2023 წლის იანვარში შუქნიშნების ორწლიანი მომსახურების შესახებ ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, მაგრამ მონაწილეთა არარსებობის გამო არ შედგა, ისევე როგორც მეორედ. როგორც Jnews-თან საუბარში ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა თქვა, ორი შეუმდგარი ტენდერის შემდეგ, მერია მონაწილეთა არარსებოვის მიზეზის გარკვევას ცდილობს და ასევე შესაბამის კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ორჯერ გამოვაცხადეთ ტენდერი, არავინ შემოსულა. 2 წლის განმავლობაში 15 000 ლარამდე იყო შეთავაზება, რომ ხელშეკრულებით ყოფილიყო გათვალისწინებული, რომ თუ რამე გაფუჭდება, უშუალოდ კომპანიას შევატყობინებთ და კონტრაქტის შესაბამისად გამოასწორებენ. ახლა კომპანიებისგან ვარკვევთ, რა არ მოეწონათ, შესაძლოა თანხაშია ხარვეზი, შესაძლოა გადატვირთული არიან“, – კომენტარი გააკეთა მაკარიანმა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტი თავად ვერ უზრუნველყოფს შუქნიშნების გამართულად მუშაობას, ვინაიდან შესაბამისი სპეციალისტები არ არიან.
„უბრალოდ ცოტა სპეციფიკური სამუშაოა, ამჟამად ჩვენი ძალებით ვერ მოვაგვარებთ საკითხს, არც სათადარიგო ნაწილები გვაქვს და არც ცოდნა. ახალი შუქნიშანი 25-30 000 ლარი ღირს, მაგრამ არის ელემენტარული საკითხები, რაც შეიძლება გამოსწორდეს და იმუშაპს. არის სხვადასხვა კომპანია, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები უკავშირდებიან მათ, რათა ერთ-ერთთან შეთანხმდნენ, მოამზადონ ახალი დოკუმენტაცია და ხელახლა გამოაცხადონ ტენდერი ან გააფორმონ პირდაპირი კონტრაქტი“, – დაამატა მერმა.
როგორც მელქონ მაკარიანმა აღნიშნა, კონკრეტულ კომპანიასთან პირობებზე შეთანხმების შემდეგ, პროცედურა არაუმეტეს 10 დღეს გაგრძელდება და შუქნიშანი მუშაობას დაიწყებს.
ახალქალაქის სასამართლოსთან შუქნიშანი თვეზე მეტია არ მუშაობს
ქალაქის შუქნიშნებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა