საქართველო მშპ-ის ზრდის ტემპით რეგიონის ლიდერია

საქართველო მშპ-ის ზრდის ტემპით რეგიონის ლიდერია

მსოფლიო ბანკი წელს საქართველოს მშპ-ის 7%-იან ზრდას, ხოლო 2027 და 2028 წლების პირველ კვარტლებში, შესაბამისად, 5.5%-მდე და 5.0%-მდე კლებას მოელის.
ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური პერსპექტივების ოქტომბრის გამოცემაშია წერია, რაც მის ვებგვერდზე ვრცელდება.
ორგანიზაციის მონაცემებით, 2024 წლიდან საქართველოში რეალური მშპ-ის ზრდის წლიური ცვლილების პროცენტული მაჩვენებელი კლების ტენდენციას განიცდის. კერძოდ, 2023 წელს 7.8%-იანი ზრდა, 2024 წელს კი ყველაზე მაღალი, 9.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მაშინ, როცა 2025 წელს მშპ-ის ზრდა 7.5%-მდე, წელს კი 7%-მდე შენელდა, რაც მომავალ წლებშიც გაგრძელდება.
თუმცა საქართველო რეგიონის მეზობლებს შორის რეალური მშპ-ის ზრდით ლიდერია. მაგალითად, წელს მსოფლიო ბანკი სომხეთში 5.6%-იან, აზერბაიჯანში კი 1.2%-იან ზრდას მოელის. თურქეთში ეს მაჩვენებელი 2.8%-ს, ხოლო რუსეთში მხოლოდ 0.8%-ს შეადგენს.
ბანკის შეფასებით, საქართველოში ავტომობილების რეექსპორტის წინა ზრდა სულ უფრო მცირდება, ხოლო ტურიზმი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავლენის გამო შენელდა, რაც რეგიონიდან მდიდარ ტურისტებზე სექტორის დამოკიდებულებას ასახავს. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს შემოსავალი ისრაელისა და საუდის არაბეთის ტურისტების მხრიდან 12%-ით შემცირდა.
რაც შეეხება სომხეთს, ძვირფასი ლითონების რეექსპორტი შემცირდა, ხოლო სოფლის მეურნეობის აქტივობა შესუსტდა, რისი მიზეზიც ამინდთან დაკავშირებული დარღვევები და რუსეთის მიერ სომხური საკვები პროდუქტების იმპორტზე გამკაცრებული შეზღუდვებია. თუმცა საცხოვრებელი სახლების მშენებლობამ და ინფრასტრუქტურის განვითარებამ სომხეთის ზრდას დამატებითი სტიმული მისცა.
აზერბაიჯანში გასული წლის 1.4%-იდან წელს ზრდის კიდევ 1.2%-მდე შენელების მიზეზი ნავთობის სექტორში მიმდინარე სტრუქტურული ვარდნა და არასანავთობო ეკონომიკაში მოსალოდნელზე სუსტი ზრდაა, რაც სახელმწიფო კაპიტალური ხარჯის შემცირების ფონზე ხდება.
„სამხრეთ კავკასიაში მომსახურების სფერო, განსაკუთრებით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტრანსპორტი და ტურიზმი ზრდის მთავარ დრაივერად რჩება,“ – წერს მსოფლიო ბანკი.
მთლიანობაში, ბანკი წელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მშპ-ის 3,5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც 2025 წლის მიზნობრივ მაჩვენებელზე 0,4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2023 წელს ზრდა 3.8%-ს, ხოლო 2024 წელს 5.8%-ს შეადგენდა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე