28 ივნისს ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე კომპანია „ჯავახ ავტო გზამ“ საცალფეხო გადასასვლელის მონიშვნა დაიწყო.

აღმაშენებლის ქუჩის სახიფათო მონაკვეთზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საცალფეხო გადასასვლელზე პირველი მონიშვნები გამოჩნდა.

კომპანია “ჯავახ ავტო გზას” თანამშრომლებმა 27 ივნისს ნიშნულები იმ ადგილებში გააკეთეს, სადაც საცალფეხო გადასასვლელები უნდა გაკეთდეს. თუმცა კომპანიამ დააგვიანა და საავტომობილო გზების დეპარტამენტი მის დაჯარიმებას გეგმავს. გზის მონიშვნის აუცილებლობა აღმაშენებლის გზაზე გახშირებული ფატალური შემთხვევების შემდეგ გაჩნდა. ახალქალაქის და განსაკუთრებით აღმაშენებლის ქუჩის საცალფეხო გადასასვლელების უსაფრთხოებაზე Jnews-ი მუდმივად საუბრობდა. ჩვენმა ჟურნალისტებმა საქართველოს საგზაო დეპარტამენტს არაერთხელ მიმართეს, რადგან ცენტრალური გზა სწორედ მათ აბარიათ. 19 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ პავლე გამყრელიძემ Jnews-თან სატელეფონო საუბარში პირობა დადო, რომ აღმაშენებლის ქუჩის სახიფათო მონაკვეთზე რამდენიმე დღეში ნიშნულები, ზებრები და სარკეები დამონტაჟდება. მისივე თქმით, თუ კომპანია „ჯავახ ავტო გზა“ სამუშაოს არ დაასრულებს, დაჯარიმდება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მუშაობა დაიწყო, დაგვიანებისთვის მაინც დაჯარიმდება. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

კომპანია “ჯავახ ავტო გზა” შესაძლოა დაჯარიმდეს

აღმაშენებლის საშიში მონაკვეთი – რა იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს

 აღმაშენებლის ქუჩას 2019-2020 წლებში საფუძვლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თუმცა სამუშაოები სარეაბილიტაციო პროექტით გათვალისწინებული ნიშნულების გარეშე და საგზაო ნიშნების არასრული შემადგენლობით ჩაბარდა. სამუშაოს ჩაბარების შემდეგ, ავტომაგისტრალის მომსახურების ფარგლებში, მანქანებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად სამუშაოები არ განახლებულა. რეაბილიტაციაზე კომპანია “ჯავახ ავტო გზა” ზრუნავდა, რომელიც ავტომაგისტრალის მომსახურე კომპანიაც არის.