საქართველოში ლტოლვილების მიერ საცხოვრებლის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის მიღების პირობები დაადგინეს

საქართველოში ლტოლვილების მიერ საცხოვრებლის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის მიღების პირობები დაადგინეს

ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება მთავრობის მიერ ანონსირებულ ახალ პროგრამასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები საცხოვრებლის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის მიღებას შეძლებენ. კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათას ლარს შეადგენს.

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის ბრძანებით განისაზღვრა პირობები, რომელთა საფუძველზეც ოჯახები სახელმწიფოსგან სახსრებს მიიღებენ. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართობის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა განხორციელდება განცხადებების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა.

კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახებს არ უსარგებლიათ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით გრძელვადიანი უზრუნველყოფის რომელიმე სახელმწიფო პროგრამით, ხოლო განცხადებაში წარმოდგენილი მონაცემები ოჯახის შემადგენლობის შესახებ შეესაბამება მონიტორინგის შედეგად დადგენილ რეალურ მდგომარეობას.

ეს ნიშნავს, რომ თუ ოჯახს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ან კომპენსაცია არ მიუღია, მას ექნება უფლება, საცხოვრებლის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის მიღების მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სამინისტროს შესაბამის სააგენტოს.

კომპენსაციით უზრუნველყოფის მიზნით, იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახი ავსებს განცხადების სპეციალურ ფორმას. განცხადებების მიღების ვადებს, ასევე ყოველწლიური ბიუჯეტის ასიგნებების გათვალისწინებით მონიტორინგს დაქვემდებარებული ოჯახების რაოდენობასა და რიგითობას შესაბამისი კომისია ადგენს.

„დეპარტამენტის მიერ იდენტიფიცირებისა და ვერიფიკაციის შემდეგ განცხადებები გადაეცემა მონიტორინგის დეპარტამენტს. საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო იმ ოჯახებს, რომელთა განცხადებებიც არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ეცნობებათ. იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, რომელთა განცხადებებიც კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა, ეგზავნებათ წერილობითი შეტყობინება“, — ნათქვამია ბრძანებაში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე