საქართველოში წიწიბურის ძირითადი მიმწოდებელი ექსპორტს 6 თვით ხურავს

საქართველოში წიწიბურის ძირითადი მიმწოდებელი ექსპორტს 6 თვით ხურავს

საქართველო ქვეყანაში მოხმარებული წიწიბურის თითქმის მთელ მოცულობას რუსეთისგან ყიდულობს. რუსეთის მთავრობამ წიწიბურის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა დააწესა, – იუწყება რუსული მედია მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

აკრძალვა არ ვრცელდება „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ექსპორტზე, ასევე იმ ტვირთებზე, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე ჰუმანიტარული დახმარების სახით იგზავნება“.

გარდა ამისა, სხვა გამონაკლისებს შორისაა სამთავრობათაშორისო შეთანხმებების ფარგლებში განხორციელებული მიწოდება.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის მთავრობამ გადაწყვეტილება 26 ნოემბერს მიიღო და შეზღუდვა 28 ნოემბრიდან 2027 წლის 28 მაისამდე იმოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან წიწიბურის იმპორტში რუსეთის წილი თითქმის სრულია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანამ 4 353 300 დოლარის ღირებულების წიწიბურა შეიძინა, საიდანაც 4 348 300 დოლარი (99,9%) რუსეთზე მოდიოდა, თავად იმპორტი კი 38%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში პროდუქციის მცირე რაოდენობა ბელარუსიდან და პოლონეთიდანაც შემოვიდა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე