„ყველა ფრთხილად უნდა იყოს – ამ წესებს სკოლიდან უნდა ასწავლიდნენ” – რა უნდა გაითვალისწინოთ გაზის მოწყობილობების გამოყენებისას
„მარტო ჩვენსას კი არა, სხვების სიცოცხლესაც უნდა გავუფრთხილდეთ“ – ამის შესახებ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ენერგეტიკის დარგში აკადემიურმა დოქტორმა, დავით შარიქაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ბუნებრივი აირის უსაფრთხოდ გამოყენებისთვის აუცილებელია შესაბამისი წესების ცოდნა და დაცვა. ამასთან, შარიქაძე მიიჩნევს, რომ თითოეულ საცხოვრებელ სახლში გაზის დეტექტორის არსებობა აუცილებელია, რადგან მას უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ექსპერტის აზრით, გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესების სწავლება სკოლიდანვე უნდა იწყებოდეს.
“საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბუნებრივი აირის გამოყენებას თავისი წესები აქვს, რომელიც მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. ამ წესებს სკოლიდან უნდა ასწავლიდნენ. ყველამ იცის, რომ ჩვენს სახლებში 220 ვოლტი ელექტროენერგია შემოდის და ჩამრთველში თითი არ უნდა შევყოთ, ასევეა ბუნებრივი აირიც: ის ფეთქებადია და როცა ვიყენებთ, ყველა ფრთხილად უნდა იყოს. კარგია, რომ ბოლო წლებში, შიდაწვის სისტემის მქონე გამათბობელი ბევრმა შეცვალა, რადგან ეს ყველაზე საშიში გამათბობელია: როცა ის ჩართულია, ბუნებრივი აირის ნამწვი ბინაში ვრცელდება და დიდ რისკს შეიცავს.
როდესაც გამათბობელი გარე წვის სისტემით მუშაობს, ნამწვი აირი გარეთ გაედინება და საფრთხეც მინიმალურია, ოღონდ, სიფრთხილე მაინც გვმართებს. ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან: დავუშვათ, გაზქურაზე ჩაიდანი დადგით, წყალი ადუღდა, გადმოვიდა და გაზი ჩააქრო, თქვენ კი, ამ დროს, სხვა ოთახში ხართ. ბუნებრივი აირი ოთახში დაგროვდება და შეიძლება მცირე ნაპერწკალზეც კი აფეთქდეს. არის საშიშროება, რომ ნამწვი აირი ოთახში დაგროვდეს და ადამიანი გაიგუდოს. ამიტომ, გაზის მოწყობილობები სულ მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.
რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რამდენად სრულყოფილია ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემა და რამდენად უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხოებას, მაგრამ ეს ძალზე რთული და მრავალმხრივი თემაა, რომელსაც ერთ სტატიაში ვერ ამოვწურავთ. ჩემი აზრით, დეტექტორის შეძენა აუცილებელია და ბევრი უსიამოვნებისგან დაგვიცავს: ადამიანი დაზღვეული რომ იყოს, ბინაში ერთი დეტექტორი მაინც უნდა ჰქონდეს. ცხადია, დეტექტორები შემოწმებული უნდა იყოს და ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. რაც შეეხება კონტროლს: როგორც ვიცი, „სოკარის“ და „თბილისი ენერჯის“ პერსონალი ინტენსიურად ამოწმებდა აბონენტებს. უბრალოდ, ყველა ბინას ვერ გასწვდები, მით უმეტეს, რომ ბევრი ბინა დაკეტილია. ამიტომ, თითოეული ადამიანის შეგნებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მნიშვნელობა არა აქვს, მდგმური ცხოვრობს ბინაში თუ მეპატრონე, უსაფრთხოების წესების დაცვა ყველას ევალება. მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ცენტრალური გათბობის სისტემაც კარგია, რადგან რისკებს ერთი-ორად ამცირებს, მაგრამ ამასაც ფინანსები სჭირდება. საბოლოო ჯამში, ყველაფერს დათვლა და შეფასება სჭირდება, რომელი მოწყობილობა დავამონტაჟოთ და როგორ – ამ სფეროს ექსპერტებმა და სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ. იგივე ცენტრალური გათბობა ბევრი ოჯახისთვის დღეს შეიძლება ძვირი იყოს, მაგრამ 5, ან 10 წლის შემდეგ, ხელმისაწვდომი გახდეს, მანამდე კი, თითოეულმა ადამიანმა ძალიან დიდი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოს. მარტო ჩვენსას კი არა, სხვების სიცოცხლესაც უნდა გავუფრთხილდეთ.