წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დიდი დროშა აღარ აღიმართება, რაც განხილვის თემა გახდა.
საქართველოს მთავრობამ ეს დღესასწაულის მთავარი ლოზუნგის ტრადიციული ცვლილებით ახსნა.
გასულ წელს 26 მაისს გზავნილი იყო „ევროპისკენ“ და ევროკავშირის დროშაც ერთ-ერთ მთავარ ელემენტად ჩაითვალა. წელს კი მთავარი სლოგანია “თავისუფლების გულისთვის!”. ამიტომ ქალაქი მხოლოდ საქართველოს ეროვნული დროშის სიმბოლოებით მოირთვება.
სოციალურ ქსელში მწვავე დისკუსიაა. ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის დროშის არარსებობას ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ცვლილებას უკავშირებენ. ცნობებს “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ თბილისელებს მოუწოდა ფლეშმობი გამართონ – 26 მაისს ბინების აივნებიდან და ფანჯრებიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშა გადმოკიდონ.
მოძრაობა „ტალღამ“ 26 მაისს აქცია გამოაცხადა და ხალხს 10.30 საათზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით რუსთაველის ძეგლთან შეკრების და პარლამენტისკენ მსვლელობის მოწყობისკენ მოუწოდა.
მორიგი აქციის შესახებ, 15:00 საათზე, ოპოზიციურმა პარტიამ “ლელომ” განაცხადა. საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა პარლამენტისკენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყება.
წელს ახალქალაქშიც არ გამოიყენეს ევროკავშირის დროშები როგორც ქალაქის დეკორაცია, თუმცა შარშან ასე არ მომხდარა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში (Video, Photo)