„ოცნების“ დეპუტატებმა პროტესტის შეზღუდვის შესახებ კანონების გაუქმებისთვის ხმის მიცემა „ტექნიკური შეცდომით“ განმარტეს

„ოცნების“ დეპუტატებმა პროტესტის შეზღუდვის შესახებ კანონების გაუქმებისთვის ხმის მიცემა „ტექნიკური შეცდომით“ განმარტეს

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა სამშაბათს მხარი დაუჭირა პროტესტის შეზღუდვის შესახებ მათ მიერვე ადრე მიღებული კანონების გაუქმებას, თუმცა მოგვიანებით საკუთარი მხარდაჭერა სავარაუდო „ტექნიკური შეცდომით“ განმარტა.

კანონპროექტის ინიციატორი იყო პარტია „საქართველოსთვის“ – ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოცხადებული ბოიკოტის ფონზე საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობს.

მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი გააუქმებდა უწყვეტი, ყოველდღიური ანტისამთავრობო დემონსტრაციების ფონზე დაწესებულ შეზღუდვებს, მათ შორის ტროტუარებზე აქციების გამართვის შესახებ პოლიციის წინასწარ გაფრთხილების მოთხოვნას, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაწესებულ პატიმრობის დებულებებსა და საპროტესტო საქმიანობის გარკვეული საშუალებების (მაგალითად, ლაზერების) გამოყენების აკრძალვას.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივა ჩავარდა, რადგან პარლამენტში უმრავლესობას 89 ადგილი უკავია ოპოზიციური პარტიის 12 ადგილის წინააღმდეგ. თუმცა, ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა, ინიციატივას მხარი კიდევ 16-მა კანონმდებელმა დაუჭირა – 14-მა მმართველი პარტიიდან და ორმა მისი მოკავშირე ფრაქციიდან.
მხარდამჭერთა შორის იყვნენ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კირცხალია და ყოფილი მინისტრი, ამჟამად კი დეპუტატი თეა წულუკიანი.

პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივის მხარდაჭერა განსაკუთრებით გასაკვირი აღმოჩნდა იმის ფონზე, რომ წინა დღეს გამოცხადდა იმ პოლიტიკური ჯგუფების სიაში ამ პარტიის დამატება, რომელთა აკრძალვასაც საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვენ, სავარაუდო ანტისახელმწიფოებრივი არსის მოტივით.

კენჭისყრის შესახებ დასმულ შეკითხვაზე კირცხალიამ განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარებს „საცილოდ“ მიიჩნევს და აღნიშნა, რომ ეს იყო „ტექნიკური შეცდომა“ ან „რაიმე ხარვეზი“.

„ასეთი რამ ხდება საპარლამენტო ცხოვრებაში“, – დაამატა მან:

„გუშინ ბრიფინგზე გავაკეთე განცხადება, რომ მათი ასე ვთქვათ პარტია დაემატებოდა საკონსტიტუციო სარჩელს. ამის შემდეგ, საღად მოაზროვნე, რაციონალურმა ადამიანმა როგორ შეიძლება იფიქროს, რომ უმრავლესობის დეპუტატი მხარს დაუჭერს გახარიას კანონპროექტს და ხმას მისცემს მათ მიერვე მიღებული კანონის წინააღმდეგ?“

ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ კირცხალიას ასევე დაუსვა შეკითხვა ამ საკითხზე — ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ კენჭისყრისას ის დარბაზში არ იმყოფებოდა და დაინტერესდა, ვინ მისცა ხმა მისი სახელით.

„ეს ტექნიკური შეცდომის კიდევ ერთი დადასტურებაა“, – უპასუხა მან.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა, კანონპროექტის მხარდამჭერთა სიაში საკუთარი გვარის მოხვედრა ასევე ტექნიკური შეცდომით განმარტა. გია ვოლსკიმ კი აღნიშნა, რომ მისმა კოლეგებმა კანონპროექტს ხმა, სავარაუდოდ, „ინერციით“ მისცეს.

ყურადღების გაფანტულობას სავარაუდო მიზეზად ასახელებს ტელეკომპანიაც — ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ უყურებენ დეპუტატები ტელეფონებს კენჭისყრის დროს, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათ საკითხები აერიათ.

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ ეჭვქვეშ დააყენა შეცდომის ვერსია და განაცხადა, რომ ეს „ორმაგ სტანდარტებს“ ასახავს.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ ამომრჩეველს ერთს ეუბნებიან, ხოლო საკუთარი თავის გადასარჩენად სულ სხვა რამეს აკეთებენ — მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან მომავალი ურთიერთობების, კარიერისა და უკვე იშოვილი ფულის შესანარჩუნებლად“, — განაცხადა მან.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე