ევროკავშირის სანქციების გამო, ფულადი გზავნილების სისტემა „ზოლოტაია კორონამ“ საქართველოში მუშაობა შეაჩერა.
თუ ივლისში ამ სისტემით 54,6 მილიონი დოლარი გადაირიცხა (საიდანაც 9,17 მილიონი დოლარი განაღდდა), აგვისტოში „ზოლოტაია კორონას“ მეშვეობით მხოლოდ 29,2 ათასი დოლარი გაიგზავნა, ხოლო განაღდება საერთოდ არ დაფიქსირებულა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, „ზოლოტაია კორონას“ ფულადი გზავნილების სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ იმ თანხებს, რომლებიც სანქციების დაწესებამდე გადაირიცხა, ხოლო მათი განაღდება მოგვიანებით მოხდა.
„ზოლოტაია კორონა“ ძირითადად რუსეთიდან გზავნილებს ემსახურებოდა. მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ამ სისტემით საქართველოში 376,36 მილიონ დოლარზე მეტი ჩაირიცხა.
რაც შეეხება სხვა სისტემებს, აგვისტოში ყველაზე დიდი მოცულობის თანხა — 84,89 მილიონი დოლარი – Western Union-ის მეშვეობით გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა RIA 79,3 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე – MoneyGram, რომლითაც საქართველოში 78,8 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. მათ მოსდევს Intel Express — 39,24 მილიონი დოლარით და RicoGram – 12,67 მილიონი დოლარით.
შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში უშუალოდ საგადახდო სისტემის ოპერატორი და ანგარიშსწორების ცენტრი – ნოვოსიბირსკის „საგადახდო ცენტრ“-მა შეიყვანა.
2026 წლის აგვისტოში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295,17 მილიონი აშშ დოლარი (772,7 მილიონი ლარი) შეადგინა. ეს 8,2%-ით, ანუ 26,4 მილიონი დოლარით ნაკლებია 2025 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე. ამასთან, რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 88%-ით შემცირდა.