ახალქალაქში შობადობა იკლებს, 40 წელს გადაცილებულ დედათა რიცხვი კი იზრდება

ახალქალაქში შობადობა იკლებს, 40 წელს გადაცილებულ დედათა რიცხვი კი იზრდება

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს ახალქალაქში მშობიარობებისა და აღრიცხვაზე აყვანილ ორსულთა რაოდენობის მცირედი კლება შეინიშნება. ამასთან, სპეციალისტები მშობიარეთა ასაკობრივი კატეგორიის თვალსაჩინო ცვლილებაზე ამახვილებენ ყურადღებას: 2026 წელს გაიზარდა 40 წელს გადაცილებულ ორსულთა რიცხვი.

ახალქალაქის ჰოსპიტლის მონაცემებით, 2026 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით, წლის დასაწყისიდან დარეგისტრირდა 190 მშობიარობა. მათგან 108 შემთხვევაში ბიჭი დაიბადა, ხოლო 82-ში – გოგონა. ახალქალაქში დარეგისტრირებულ მშობიარობებს შორის საგრძნობი სხვაობაა დაბადებულ ბიჭებსა და გოგონებს შორის – ბიჭი 26-ით მეტია. პროცენტული თანაფარდობით ბიჭები დაახლოებით 57%-ს შეადგენენ, გოგონები კი – 43%-ს. ამავდროულად, მოწოდებული მონაცემებით, მუნიციპალიტეტში ასევე დარეგისტრირდა 160 აბორტი.

ახალქალაქის ჰოსპიტლის გინეკოლოგის, ასია გულიევას თქმით, მუნიციპალიტეტში კვლავ ცოტა არ არის იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც მესამე ან მეოთხე შვილს აჩენენ.

„ახალქალაქში მესამე და მეოთხე შვილს უკვე ბევრი აჩენს. მესამე შვილი ახალშობილთა დაახლოებით 10 პროცენტია, ხოლო მეოთხე — დაახლოებით 1 პროცენტი“, – აცხადებს ასია გულიევა.
ამასთან, მიმდინარე წელს მშობიარობების საერთო რაოდენობა მცირედით შემცირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 7-8 მშობიარობით ნაკლები დარეგისტრირდა. კლება შეინიშნება აღრიცხვაზე აყვანილ ორსულებშიც: თუ გასული წლის 1 სექტემბრისთვის აღრიცხვაზე 392 ორსული ქალი დადგა, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 367-ს შეადგენს. შესაბამისად, წლიური კლება 25 ქალია, რაც დაახლოებით 6,4%-ია.

ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ცვლილებად სპეციალისტები 40 წელს გადაცილებულ ორსულთა რიცხვის ზრდას ასახელებენ. ახალქალაქის ჰოსპიტლის ინფორმაციით, წელს გაიზარდა 40-დან 44 წლამდე ასაკის ორსულთა რაოდენობა.

„40 წელს გადაცილებული მშობიარეები ასეთი რაოდენობით დიდი ხანია არ გვყოლია. მთავარი კი ის არის, რომ ეს არა მეოთხე ან მეხუთე, არამედ პირველი და მეორე მშობიარობებია. წინა წლებთან შედარებით, ეს ჩვენთან სიახლეა“, – აღნიშნავს ასია გულიევა.

მისი თქმით, თუ გასულ წელს 40 წელს გადაცილებულ მშობიარეებს შორის მხოლოდ 1-2 ქალი იყო, წელს ამ ასაკის დაახლოებით 10 ორსულია. ამრიგად, საუბარია არა მხოლოდ 40 წელზე უფროსი ასაკის ორსულთა აბსოლუტური რაოდენობის ზრდაზე, არამედ ამ ასაკობრივი ჯგუფის ხასიათის ცვლილებაზეც: ქალების ნაწილი 40 წლის შემდეგ პირველად ან მეორედ ორსულდება და აჩენს შვილს.

კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელზეც სპეციალისტი ამახვილებს ყურადღებას — არასრულწლოვანი მშობიარეების ასაკია. ასია გულიევას თქმით, მიმდინარე წელს ახალქალაქში 18 წლამდე ასაკის მშობიარე არ ფიქსირდება. ამასთან, არის 19 წლის ქალების მშობიარობის რამდენიმე შემთხვევა – დაახლოებით 1-2 მშობიარე. ახალქალაქის ჰოსპიტლის ეს მონაცემები არ იძლევა იმის დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ რაიონში ადრეული ქორწინებები არ ხდება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე