საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ახალქალაქში დღეს, დილიდან ზეიმობენ. მუსიკა, ბუშტები, ბაზრობა, მოულოდნელი პერფომანსები და დროშები…
მთავარი ღონისძიების – კონცერტის დაწყებამდე, ახალქალაქელები მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც იყო პავილიონები ფოტოგადაღებისთვის, ბავშვებს ხელებსა და ლოყებზე სხვადასხვა ნახატებს ახატავდნენ, მათ შორის საქართველოს, უკრაინისა და სომხეთის დროშებს, ყვავილებს და სხვა. ბავშვები ხატავდნენ მსოფლიო რუკას, ევროპას და სხვა. მათთან ერთად ფოტოებს იღებდნენ ანიმატორები. ღონისძიებას თან სდევდა საქართველოს ისტორიაში 50 მნიშვნელოვანი ქალის ფოტოების გამოფენა. დასვენების ზონაში ბავშვები შეიკრიბნენ.
საზეიმო კონცერტი ეფექტიანად დაიწყო დრამერების პერფომანსით. შემდეგ გამოვიდნენ ადგილობრივი თუ ცნობილი ანსამბლები.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმი და ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ.
17:10 საათზე, ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალქალაქში ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნი შესრულდება, ასევე იქნება პერფორმანსი ევროკავშირისა და საქართველოს დროშით. ცაში კი საქართველოს დროშის გამოსახულებით ბუშტებს გაუშვებენ.
ღონისძიებები ახალქალაქში საქართველოს მთავრობის ინიციატივით და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.