საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ქვეყანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულებმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვარი „წითელი ხიდის“ სექტორის, „ვახტანგისის“ დაცულ მონაკვეთზე უკანონოდ გადაკვეთეს.
ერთ-ერთის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს პოლიეთილენის პაკეტი ნარკოტიკული ნივთიერებით — თებაინით (ოპიუმის ალკალოიდი). დაკავებულთა მოქალაქეობა და ვინაობა განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთა (344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა და შენახვა (260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) და მათი ქვეყნის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით უკანონო შემოტანა (262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). აღნიშნული ბრალდებებით გათვალისწინებული სანქციები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალა: NewsGeorgia