ახალქალაქში 2027 წელს ახალი ტროტუარების მოწყობა იგეგმება

ახალქალაქში 2027 წელს ახალი ტროტუარების მოწყობა იგეგმება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტში ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე (თავისუფლებისა და აღმაშენებლის ქუჩებზე), მერიის შენობიდან მაღაზია „ჯიბემდე“ არსებულ მონაკვეთზე ტროტუარის მოწყობაა გათვალისწინებული. აღნიშნული პროექტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალური ბიუჯეტის განხილვის ფარგლებში განიხილეს.

როგორც ახალქალაქის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, კარენ მერგელიანმა განაცხადა, 2027 წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება. ამ მიზნით თავდაპირველად დაახლოებით 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მოსალოდნელია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსების ხარჯზე თანხა დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე გაიზრდება. დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავისუფლებისა და აღმაშენებლის ქუჩებზე ტროტუარის მოწყობა იქნება. პროექტის განსახორციელებლად ჯერჯერობით 1,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა, არა მოვსისიანმა აღნიშნა, პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა.

„აფთიაქ „ავერსამდე“ ტროტუარი ქვაფენილით მოპირკეთდება, ხოლო შემდეგ — ასფალტით. გზა ორ სხვადასხვა ფერის ნაწილად გაიყოფა: ერთი განკუთვნილი იქნება ქვეითებისთვის, მეორე კი — ველოსიპედისტებისთვის. პროექტი დამუშავების პროცესშია, ესკიზები უკვე გაგზავნილია. საბოლოო ღირებულება ჯერ უცნობია. ველობილიკი პოლიციის შენობის მხარეს გაივლის“, — განაცხადა არა მოვსისიანმა.

ახალქალაქში კეთილმოწყობილი ტროტუარების არარსებობის პრობლემა ქალაქის მცხოვრებლებისთვის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება. მრავალი წლის განმავლობაში საქალაქო ინფრასტრუქტურა უფრო მეტად ავტომობილების მძღოლებზე იყო ორიენტირებული, მაშინ როცა ქვეითთა საჭიროებები ხშირად სათანადო ყურადღების მიღმა რჩებოდა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ აღმაშენებლის ქუჩაზე, აფთიაქ „ავერსის“ შემდგომ მონაკვეთზე იგრძნობა. პოლიციის შენობის მოპირდაპირედ, მე-15 ქალაქის რაიონში, ასევე ყოფილი საბაგირო ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსების მცხოვრებლებისთვის ქალაქის ცენტრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე მისვლა ნამდვილ გამოცდად იქცევა. ბევრ ადგილას ქვეითებს უშუალოდ სავალ ნაწილზე უწევთ გადაადგილება, რადგან ტროტუარები დაპარკინგებული ავტომობილებითაა დაკავებული. ცალკეულ მონაკვეთებზე ტროტუარები საერთოდ არ არსებობს, არსებული კი ხშირად არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია.

ვითარებას ართულებს ქალაქის ამ ნაწილში ავტოგასამართი სადგურების, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ობიექტებისა და სამშენებლო მაღაზიების არსებობა, რაც საავტომობილო მოძრაობას დამატებით ზრდის. შედეგად, განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ბავშვები, ხანდაზმულები და მცირეწლოვანი ბავშვების მქონე მშობლები, რომელთათვისაც ამ ქუჩებზე ყოველდღიური გადაადგილება რისკთანაა დაკავშირებული.

შეგახსენებთ, 5 მაისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ასევე განიხილებოდა აღმაშენებლის ქუჩაზე, კერძოდ, №36 სახლის მონაკვეთზე ტროტუარების არარსებობის პრობლემა. მაშინ მრავალსართულიანი კორპუსების მცხოვრებლებმა ხელისუფლების ყურადღება ამ გზაზე გადაადგილების საფრთხესა და ქვეითებისთვის უსაფრთხო პირობების შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობა სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან იქნება დაკავშირებული.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე