მიუხედავად იმისა, რომ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესიული სასწავლებლის ახალქალაქის შენობა კვლავ რემონტდება, 2022-2023 სასწავლო წლისთვის სტუდენტებს გასაუბრების საფუძველზე მიიღებენ. შესაძლებელი იქნება 60 სტუდენტის მიღება.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის, მაკა ბერიძის თქმით, პანდემიის გამო ახალქალაქში სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესიული სასწავლებლის შენობის რემონტი გაჭიანურდა, თუმცა სამუშაოების დასრულება 2023 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. პროფესიულ პროგრამებზე ამ დროისთვის 130 სტუდენტი სწავლობს, წლეულს დამატებით 60 ადგილია მისაღები. კიდევ რამდენი სტუდენტი დაემატება, გასაუბრების შემდეგ გახდება ცნობილი.
„იქ შეგიძლიათ ნახოთ პროფესიული განათლებისთვის თანამედროვედ მომზადებული საკლასო ოთახები. გასაუბრება უკვე დაწყებულია, იქნება ახალი ნაკადი. გაკვეთილები ჯერ კიდევ გრძელდება მესამე კორპუსში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ისწავლიან საბაჟო საქმეს, ბუღალტერიას, კომპიუტერულ ქსელებს და სისტემებს, სწავლა შეუძლიათ, როგორც სკოლის 12 კლასის დამთავრებულებს, ისე მეცხრე კლასის. მათ შეუძლიათ სკოლა დაამთავრონ და იმავდროულად მიიღონ პროფესია. ასეთი მოსწავლეები უკვე დარეგისტრირებულნი არიან, იმედი მაქვს მომავალში ექნებათ სწავლის გაგრძელების სურვილი. გვაქვს სატყეო საქმეც, მებაღის, მალე დავამატებთ ვეტერინარის, მექანიკოსის პროფესიას“, – ამბობს მაკა ბერიძე.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის მე-4 კორპუსში, სადაც პროფესიული განათლების გაკვეთილები უნდა ჩატარდეს, მესამე წელია სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსი მზად არის სტუდენტების მისაღებად