პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არტურ მკოიანი, რომელიც 24 აგვისტოს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის საკუთარ სახლში ჩხრეკისას დააკავეს, დღეს Facebook-ის პირდაპირ ეთერში გავიდა და განაცხადა, რომ გათავისუფლებულია და აპირებს, ყოველ კვირას Life-რეჟიმში ისაუბროს იმაზე, რაც ახალქალაქში ხდება.
ახალქალაქის პოლიციის უფროს შალვა ლომსაძესთან დაკავშირებული სკანდალის მონაწილე არტურ მკოიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ონლაინჩართვისას განაცხადა, რომ ციხიდან ღამის 12:00 საათზე გამოვიდა, რომ ის „პოლიციელის უფროსის შალვა ლომსაძის პირადი პატიმარია“.
მისი თქმით, მას დევნიდნენ, რადგან არის ოპოზიციონერი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი. ასევე თქვა, რომ აპირებს კვირაში ერთხელ ფეისბუქლაივით გასვლას და მომხდარის შესახებ ყველას შეატყობინოს, პოლიციას კი „ზონდერ ბრიგადა“ უწოდა.
შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს, ახალქალაქში არტურ მკოიანის ხმაურიანი დაკავების შესახებ გახდა ცნობილი. ის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის საკუთარ სახლში ჩხრეკისას დააკავეს. მან ადმინისტრაციული სასჯელი 11 დღე მოიხადა.
არტურის მეუღლემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ დაკავება პოლიციის მხრიდან რამდენიმეთვიანი შანტაჟისა და ახალქალაქის პოლიციის უფროსის შალვა ლომსაძის მხრიდან დაკავებულის მეუღლის მიმართ სექსუალური შევიწროების შედეგი იყო.
დაკავების დღეს, 24 აგვისტოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მკოიანის დაკავებას პოლიტიკური დევნა უწოდეს.
25 აგვისტოს შსს-მ გაავრცელა შეტყობინება, სადაც ნათქვამია, რომ არტურ მკოიანმა ესროლა პოლიციელს, რის შედეგადაც დაიწყო გამოძიება და გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა. არტურ მკოიანმა წინასწარი დაკავების იზოლატორში 11 დღე გაატარა, თუმცა გამოძიება იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით გრძელდება.
მკოიანის მეუღლემ ახალქალაქის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურაში საჩივარი შეიტანა ძალადობის, შევიწროვებისა და შანტაჟის ბრალდებით.
ასევე წაიკითხეთ ამ თემაზე:
ახალქალაქის პოლიციის უფროსი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს
ახალქალაქში სროლის კადრები გამოქვეყნდა (Video)
არტურ მკოიანი 11 დღით დააპატიმრეს
არტურ მკოიანის მეუღლე შსს-ს ვიდეოზე კომენტარი გააკეთა
ნაციონალური მოძრაობის წევრის არტურ მკოიანის მეუღლემ გენერალურ პროკურატურას მიმართა