24 აგვისტოს ღამით, 00:15 საათზე ახალქალაქის პოლიციის თანამშრომლები სახლში იარაღის შენახვის ბრალდებით არტურ მკოიანის სახლში ჩხრეკის მიზნით მივიდნენ. არტურ მკოიანი დაკავებულია, მისი მეუღლე კი ამბობს, რომ უკანონოდ დააკავეს. ქალი ახალქალაქის პოლიციის უფროს შალვა ლომსაძეს  მის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ჩხრეკის მიზნით, მკოიანების სახლში პოლიცია ღამის საათებში  შევიდა, თუმცა  არტურ მკოიანმა, მისმა მეუღლემ და მშობლებმა ხელი შეუშალა ჩხრეკას იმ მოტივით, რომ ისინი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან და ამის შესახებ პარტიის მთავარი შტაბისთვის უნდა ეცნობებინათ. ასევე, მოითხოვეს ჩხრეკა მათი ადვოკატის გარეშე არ ჩატარებულიყო.

არტურის მეუღლის, მინა მკოიანის თქმით, პოლიციელებმა ისინი გააფრთხილეს, რომ თუ კარს არ გააღებდნენ, იძულებულნი გახდებოდნენ შეემრტვრიათ, რაც გააკეთეს კიდეც. არტურ მკოიანმა წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც ის დააკავეს.

მინა მკოიანის თქმით, ბავშვებს ეძინათ, ამიტომ მათ არ სურდათ სახლში პოლიცია შესულიყო, რომ ბავშვებს არ შეშინებოდათ.

პოლიციის თანამშრომლებმა მკოიანის სახლი გაჩხრიკეს. როგორც არტურის მეუღლე ამბობს, ვერაფერი იპოვეს, ბოდიში მოიხადეს და წავიდნენ.

„მათ თქვეს, რომ სახლს ჩხრეკდნენ, რადგან თითქოს 23 აგვისტოს ჩემმა ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციის თანამშრომელს სტეპან სმოიანს ესროლა და რომ ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო აქვთ“, – ამბობს მინა მკოიანი.

მას შემდეგ რაც პოლიციამ კარის გაღება მოითხოვა, არტურ მკოიანმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში პირდაპირ ეთერი ჩართო.

როდესაც მინამ ქმრის ტელეფონის იატაკიდან აღება სცადა, ხელი დაიზიანა.

„ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა: „აიღე არტურის ტელეფონი“, როცა ტელეფონის აღება ვცადე, მან ხელი მომკიდა, რითაც ხელი დამიზიანა“, – ამბობს მინა მკოიანი.

მინა1

მისი თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ახალქალაქის პოლიციის უფროსი შალვა ლომსაძეა. მინა მკოიანი ამტკიცებს, რომ 2021 წლის 24 დეკემბერს, ლომასძემ ის გაიტაცა და ახალციხეში სექსუალური ძალადობის მიზნით წაიყვანა.

„დაბურული შუშებით შავი მანქანა მომყვებოდა, დიდხანს ასიგნალებდნენ, გზა შევიცვალე, შემეშინდა, თეთრმა პიკაპმა გზა გადამიკეტა“, – იხსენებს მინა მკოიანი.

მისივე თქმით, მანქანიდან მამაკაცი გადმოვიდა, მიუახლოვდა, ჰკითხა, მინა იყო თუ არა და მანქანაში ჩასვა, სადაც ქალმა პოლიციის უფროსი დაინახა.

მინამ მას ჰკითხა: „რა გინდა ჩემგან?“ რაზეც პოლიციის უფროსმა უპასუხა: „მე დაგპირდი, რომ ჩემი იქნებოდი და ეს დღე დღეს დადგა“.

„მან ორივე ხელი მომკიდა, შემდეგ ყელზე და ჩემი გაუპატიურება სცადა. ამ დროს მანქანაში იმყოფებოდა შალვა ლომსაძე, ვინც ძალით ჩამსვა და მძღოლი. შალვამ ვიღაცას დაურეკა და უთხრა, ქალაქში ყველა კამერა გაეთიშათ“, – ამბობს მინა.

თავად მინამ წინააღმდეგობა გაუწია და დაარტყა შალვას, რომელმაც თავის მხრივ მინას დაარტყა.

„ამ დროს მან ხელიდან გამომგლიჯა ჩანთა, რომელშიც ფული და ოქროს სამკაულები იყო. ფული და ძვირფასეულობა ამოიღო და ჩემი ჩანთა მოისროლა, სამი ბეჭედი, ჯვარი და ორი კულონი აიღო, მითხრა, რომ ვინანებდი და ასპინძამდე არმისული ჩავიდა“, – დასძენს მინა მკოიანი.

დაზარალებულის თქმით, ის ახალციხეში წაიყვანეს, სადაც როგორღაც მოახერხა მანქანიდან თავის დაღწევა, საპირფარეშოში დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში დამალვა, შემდეგ დაურეკა ქმრის ძმას და მომხდარის შესახებ უამბო. დაელოდა სანამ მის წამოსაყვანად ქმარი მივიდოდა.

კითხვაზე, რატომ არ წავიდნენ მაშინ პოლიციაში, რატომ არ მიიღეს ზომები, მან გვიპასუხა:

„ჩუმად ვიყავით, დავიწყება გვინდოდა, მაგრამ მაინც შიშში ვცხოვრობდით. ამის შემდეგ იყო შემთხვევები, როცა მომწერა და ქმრის დაპატიმრებით დამემუქრა. ჩვენ არ ვუპასუხეთ. ბოლო სამი თვის განმავლობაში ის ჩემს ქმარს ხვდებოდა სხვადასხვა ადგილას, მანქანიდან აგინებდა ჩემს ქმარს, ეს ბევრმა ნახა, უბრალოდ არ მინდა ამ ადამიანების სახელების აფიშირება“, – ამბობს არტურის მეუღლე.

Jnews-ი შალვა ლომსაძეს დაუკავშირდა და ცდილობდა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის მიღებას, თუმცა მან გვიპასუხა, რომ ბევრი საქმე აქვს და მივმართოთ შსს-ს პრესსამსახურს, საიდანაც ველოდებით კომენტარს და დეტალებს 24 აგვისტოს დაკავებულის შესახებ.