დღეს, 25 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება “ოპელის” მარკის ავტომობილი, საიდანაც მძღოლი მანქანის ფანჯრიდან სხვა ავტომობილის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის. შსს-ს ინფორმაციით, იარაღით არტურ მკოიანია, რომელიც 24 აგვისტოს ღამით, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, სახლში ჩხრეკისას დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არტურ მკოიანმა პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გაისროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ახალქალაქში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
“გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გასროლა
მომხდარი ფაქტის შემდეგ მძღოლი ავტომობილიანად მიიმალა.
გამოძიების ფარგლებში, მალევე მოხდა ავტომანქანის მძღოლის იდენტიფიცირება და დადგინდა, რომ „ოპელის“ მარკის ავტომობილს მართავდა 1985 წელს დაბადებული ა.მ.
ზემოაღნიშნულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკისას, აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იქნა დაკავებული” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს.
ასევე, შსს გამოვეხმაურა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგს, რომელზეც პარტიის წარმომადგენელმა ისაუბრა ახალქალაქში მათი თანაპარტიელის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ, რასაც ოჯახის მიმართ განხორციელებული ტერორი და პოლიტიკური დევნა უწოდა.
შსს-ს ცნობით, ეს აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს
“გამოძიების დაწყება და პოლიციის მიერ ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად, ვასაჯაროებთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია მოქალაქე ა.მ.-ის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და ა.მ.-ს საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარდა ჩხრეკა” – ნათქვამია შეტყობინებაში.
თუმცა, არტურ მკოიანის მეუღლის პოლიციის უფროსის მიმართ სექსუალურ შევიწროებასა და შანტაჟის ბრალდებებთან დაკავშირებით, შსს-ს შეტყობინებაში კომენტარი არ არის.