არტურ მკოიანის მეუღლე მინა მკოიანმა შსს-ს მიერ დღეს, 25 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არტურს იმ დღეს იარაღი არ ჰქონდა ხელში, რაც ვიდეოშიც არ ჩანს.

„მაშინ ქმრის გვერდით ვიყავი. ხელში იარაღი არ ეჭირა, საბუთების საქაღალდე და ტელეფონი ეჭირა ხელში.  რატომ ჩართო პოლიციელმა ვიდეო? ის ჩვენი მანქანის უკან მოძრაობდა რუსული ნომრებიანი არასამსახურეობრივი მანქანით და თუ იმ დროს იყო სროლები, პოლიციელმა ჩემი ქმარი ადგილზე რატომ არ დააკავა? შემთხვევიდან 6 საათის შემდეგ სახლში მოვიდნენ, პირადობის მოწმობები და სახლის ჩხრეკის ორდერი არ წარმოუდგენიათ“, – განაცხაფა მინა მკოიანმა.

მისი თქმით, ეს იყო შალვა ლომსაძისა და სტეპან სმოიანის პროვოკაცია.

„ვიდეოზე იარაღი არ ჩანს. არ არის დადასტურებული იარაღია თუ არა და სროლის ხმა არ ისმის. ასევე არ ჩანს ჩვენი მანქანის ნომრები, ჩემი ქმრის სახე და რაც ხელში გვაქვს. ეს არის ჩვენი ადგილობრივი პოლიციის პროვოკაცია, კერძოდ შალვა ლომსაძისა და სტეპან სმოიანის, ისინი უკანონოდ გვდევნიდნენ“, – დაამატა არტურ მკოიანის მეუღლემ.

კითხვაზე, თუ რატომ გადმოჰყო არტურმა იმ მომენტში ხელი მანქანის ფანჯრიდან და დაიხარა, მინამ გვიპასუხა:

„ის ძალიან ახლოს მოძრაობდა ჩვენი მანქანის უკან, ცდილობდა წინ გადაგვდგომოდა და საავარიო სიტუაცია შეექმნა. არტურმა ფანჯარაში გაიხედა ვინ იყო მანქანაში. მანქანაში სტეპან სმოიანი იჯდა, გვერდით კი ვიღაც ქალი”.

მინა მკოიანის თქმით, ის უკვე ესაუბრა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატს და პოლიციის უფროსის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტზე საქმე აღიძრა.

JNEWS-ის კითხვაზე, მომხდარს აქვს პოლიტიკური სარჩული თუ პირადი მოტივია, გვიპასუხა: „როგორც პოლიტიკური, ასევე პირადი“.

 

ასევე წაიკითხეთ ამ თემაზე:

არტურ მკოიანი 11 დღით დააპატიმრეს

ახალქალაქის პოლიციის უფროსს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ახალქალაქში სროლის კადრები გამოქვეყნდა (Video)