24 აგვისტოს, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ახალქალაქში მცხოვრები არტურ მკოიანი დამნაშავედ ცნო და ადმინისტრაციული სასჯელის სახით 11 დღით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება სახლის ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობა.
შსს-ს ინფორმაციით, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში არტურ მკოიანის სახლი გაჩხრიკეს. არტურ მკოიანმა არ დააკმაყოფილა პოლიციელის მოთხოვნა, რის გამოც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.
თუმცა საქმე 11-დღიანი პატიმრობით არ სრულდება. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველო განაგრძობს გამოძიებას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
24 აგვისტოს ახალქალაქში ცნობილი გახდა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის არტურ მკოიანის ხმაურიანი დაკავების შესახებ. ის საკუთარ სახლში ჩხრეკისას დააკავეს. როგორც ჟურნალისტებს არტურის მეუღლემ განუცხადა, დაკავება პოლიციელების მხრიდან მრავალთვიანი შანტაჟისა და ახალქალაქის პოლიციის უფროსის მხრიდან ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების შედეგი იყო.
ახალქალაქის პოლიციის უფროსი სექსუალურ ძალადობაში ამხილეს
იმავე დღეს, 24 აგვისტოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ დაკავება პოლიტიკური დევნის გამო მოხდა.
შსს-მ დღეს 25 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ არტურ მკოიანმა პოლიციელს ესროლა, რის შედეგადაც გამოძიება დაიწყო და გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა.
ახალქალაქში სროლის კადრები გამოქვეყნდა (Video)