სოფელ სულდას მცხოვრებლები სახლში დაბინძურებულ წყალს იყენებენ, სასმელი წყალი კი მეზობელი სოფლებიდან მოაქვთ. ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ სუფთა სასმელი წყალი სოფელს ზამთრამდე ექნება.
სულდაში ორი წყალგაყვანილობაა, რომელთაგან არც ერთი არ ემსახურება თავის დანიშნულებას. 2014 წელს აშენებული წყალგაყვანილობა კათნატურის აუზიდან გადის. თავად აუზი მთებიდან ჩამომავალი წყაროებით ივსება, მაგრამ ეს რეზერვები საკმარისი არ არის.
ახლა სოფელში მთებიდან ჩამოსული წყალი რამდენიმე საათის განმავლობაში მოედინება, ამიტომ ყოველ დღე, რამდენიმე საათი მაინც არის წყალი. მაგრამ ეს წყალი სასმელად უვარგისია.
ზამთრის თვეებში სულდაში წყალი საერთოდ არ იყო და სოფლის მოსახლეობამ ახალქალაქის მერიასთან საპროტესტო აქციაც კი გამართა. მაშინ ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებმა პირობა დადეს რომ როგორც კი დათბებოდა, სოფლის მოსახლეობასთან ერთად მთაზე პირადად ავიდოდნენ, რათა გაერკვიათ, რა პრობლემაა წყალმომარაგებაში.
ამინდი დათბა, მაგრამ მთაზე არავინ ასულა, სამაგიეროდ გადაწყდა წყლის სოფელ დილიფიდან მიტანა.
„კათნატურიდან გამომავალი წყალსადენი იგივე დარჩება, მოსახლეობა ამ წყალს სასმელად არ იყენებს. არ ვიცი, როგორ გარემონტდა, წვიმის წყალი ჩადის და მთელ წყალს აბინძურებს. ახლა იქიდან წყალი ძალიან წვრილ ნაკადულში მოედინება, იქ წასვლას და ნახვას აზრი არ აქვს. პრობლემებია, მილებში ჰაერია, მილები ძალიან პატარაა, წყალმომარაგებიდან ჩამოსული წყალი კი 4 სოფელს არ ეყოფა. იქ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. დილიფის წყალსადენის პროექტი უკვე შედგენილია, თბილისიდან სპეციალისტები ჩამოვიდნენ მის გამოსათვლელად“, – ამბობს სოფლის სპეციალისტი ზარზანდ კუჯოიანი.
მერმა, მელქონ მაკარიანმა JNEWS-სთან განაცხადა:
„გასულ კვირას მაპროექტებელთან ერთად ვიყავით სოფელში, დილიფიდან დადეშამდე, ერთობლივი სამუშაოები ჩავატარეთ სულდას წყალსადენის მთელ სიგრძეზე. ახლა ველოდებით პროექტის ექსპერტის პასუხს, სხვა სიტყვებით, პრობლემის გადაჭრა უკვე პროცესშია“.
მერმა იმედი გამოთქვა, რომ წელს პრობლემა მოგვარდება, მოსახლეობას სუფთა სასმელი წყალი ექნება და მეზობელი სოფლებიდან წყლის ზიდვა აღარ მოუწევთ.
ამ თემის შესახებ მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:
სულდაში სასმელი წყლის პრობლემა
სულდას მოსახლეობას მუდმივი სასმელი წყალი ექნება
სოფელ სულდას სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება
“წყალი არ მაქვს, ერთი თვეა არ დამიბანია”