კანალიზაციის გარეშე: რატომ არის კვარტალ „შანხაის“ პრობლემა დღემდე აქტუალური?

კანალიზაციის გარეშე: რატომ არის კვარტალ „შანხაის“ პრობლემა დღემდე აქტუალური?

ახალქალაქის № 1 ყოფილი სამხედრო ნაწილის, „შანხაის“ კვარტლის მცხოვრებლები უკვე მრავალი წელია საკანალიზაციო სისტემის არარსებობის პრობლემას აწყდებიან. კვარტლის მცხოვრებთა თქმით, ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი ძირითადი ინფრასტრუქტურა — გაზი, ელექტროენერგია და წყალმომარაგება — სულ ახლახან გაიყვანეს, თუმცა საკანალიზაციო სისტემა ასეც არ აშენებულა.

სირანუშ განდილიანმა, კვარტლის მცხოვრებმა, ამ საკითხთან დაკავშირებით Jnews-ს მიმართა და აღნიშნა, რომ მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს გიორგი ვახტანგიშვილს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორს, ასევე განცხადებით მიმართეს ახალქალაქის მერიას კვარტალში საკანალიზაციო ხაზის გაყვანის თხოვნით. მისი თქმით, სხვადასხვა დროს ისინი განსხვავებულ პასუხებს იღებდნენ როგორც გიორგი ვახტანგიშვილისგან, ისე მერიისგან.

„ჩვენს კვარტალში 8 ოჯახი ცხოვრობს. თითოეულმა ოჯახმა საკუთარ ეზოში ორმო ამოთხარა და ჩამდინარე წყლები ამ ორმოებში ჩაედინება. მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ორმოები გაივსო/გაიჭედა და საშინელი სუნი ვრცელდება. ასევე ვშიშობ, რომ ბავშვები შეიძლება უკვე დაჭაობებულ ორმოებში ჩავარდნენ. არაერთხელ მივმართე როგორც წყალმომარაგების კომპანიას, ისე მერიას, მაგრამ აქამდე ჩვენი პრობლემით არავინ დაინტერესებულა და არანაირი ზომები არ მიუღიათ. ასეთ პირობებში დაახლოებით 35-40 ადამიანი ცხოვრობს“, — ამბობს სირანუშ განდილიანი.

2

Jnews №1 ყოფილი სამხედრო ნაწილის „შანხაის“ კვარტალში იმყოფებოდა. ქუჩაში შეკრებილი თითოეული მცხოვრები საკუთარ ეზოში გვეპატიჟებოდა, რათა არსებულ სიტუაციას გავცნობოდით. კანალიზაციის არარსებობის გამო, თითოეულმა ოჯახმა ეზოში ორმოები ამოთხარა, რომლებიც გაივსო, და აყროლებული ჩამდინარე წყლები ეზოებში, მეზობლების კედლების ქვეშ იღვრება, რის გამოც ირგვლივ ყველაფერი ჭაობდება.

3

„გასულ წელს მეზობელი სასტუმროს მფლობელმა თბილისიდან ვიღაც გამოიძახა, რადგან წყალი მის სასტუმრომდე ვერ აღწევდა. ამ ადამიანებთან ერთად გიორგი ვახტანგიშვილიც იყო. ჩვენ მასთან მივედით და ჩვენი კანალიზაციის საკითხი დავაყენეთ. ვახტანგიშვილმა გვითხრა, რომ მომავალ წელს, ანუ წელს, მუნიციპალიტეტი სამხედრო დასახლებაში („გოროდოკში“) საკანალიზაციო ხაზს შეცვლიდა. როგორც კი სამუშაოები დაიწყებოდა, მივმართავდით წყალმომარაგების კომპანიას, გადავიხდიდით 800-ლარიან სააბონენტო გადასახადს და ისინი საკანალიზაციო ხაზს გაგვიყვანდნენ. თუმცა წელს, როდესაც სამუშაოები დაიწყო, გიორგი ვახტანგიშვილს მივმართეთ, მან კი გვითხრა, რომ ბევრი საქმე აქვს და ჩვენი კვარტლისთვის არ სცალია“, — განუცხადა Jnews-ს „შანხაის“ კვარტლის მცხოვრებმა მარინა აკობიანმა.
4

„შანხაის“ მცხოვრებთა თქმით, მათ ვახტანგიშვილს შეატყობინეს, რომ შესაბამის ორგანოებში იჩივლებდნენ.
„როდესაც ვუთხარით, რომ თბილისში ვიჩივლებდით და ცხელ ხაზზე დარეკავდით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორი გიორგი ვახტანგიშვილი თითქოს დაგვცინოდა და დაცინვით გვიპასუხა: ვისთანაც გინდათ, იქ იჩივლეთ, თქვენი ყველა მიმართვა და საჩივარი მაინც ჩემთან მოვაო“, — განაცხადა ლალა ხაჩატრიანმა.

1

„მე რამდენჯერმე მივმართე გიორგის, მან კი მერიაში გადამამისამართა. მივმართე მერიას. გასულ წელს განცხადება დავწერეთ და კვარტლის მცხოვრებლებთან ერთად შევიტანეთ, წელსაც შევიტანეთ განცხადება. გვითხრეს, რომ სამხედრო დასახლებაში („გოროდოკში“) საკანალიზაციო ხაზის შეცვლას აპირებდნენ და ჩვენი კვარტალიც ამ პროგრამაში იყო ჩართული, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მცდარი ინფორმაცია იყო. ასეთ პირობებში ცხოვრება უკვე შეუძლებელია, უვალ მდგომარეობაში ვართ, არ ვიცით, ვის მივმართოთ, ვის ვთხოვოთ დახმარება“, — განაცხადა „შანხაის“ კვარტლის მცხოვრებმა სირანუშ განდილიანმა, რომელმაც Jnews-ს თხოვნითა და საჩივრით მიმართა.

5

მისი თქმით, მცხოვრებლებს სურთ არა დროებითი გამოსავალი, არამედ სრულფასოვანი საკანალიზაციო სისტემა კვარტალში, რათა საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების ჩაშვების საკითხი საბოლოოდ მოგვარდეს.

Jnews-მა ამ საკითხზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსს, არა მოვსისიანსაც ესაუბრა. მისი თქმით, „შანხაის“ კვარტალში არსებული კანალიზაციის პრობლემის შესახებ მან სულ ახლახან შეიტყო.

„ამ პრობლემის შესახებ სულ ახლახან, ბოლო ერთი-ორი კვირის განმავლობაში შევიტყვე. მანამდე არანაირი მიმართვა თუ საჩივარი არ მიმიღია. ახლა ამ საკითხზე მუშაობის შესაძლებლობა არ გვაქვს. მერთან, ბატონ მელქონ მაქარიანთან ეს საკითხი არ განმიხილავს, თუმცა, სავარაუდოდ, მისი მოგვარება მხოლოდ მომავალ წელს გახდება შესაძლებელი“, — განუცხადა Jnews-ს არა მოვსისიანმა.

ამგვარად, „შანხაის“ კვარტლის მცხოვრებლები კანალიზაციის პრობლემის მოგვარების მოლოდინს განაგრძობენ. მცხოვრებთა თქმით, ჩამდინარე წყლებისთვის განკუთვნილი ორმოების ავსება არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო უხერხულობას ქმნის, არამედ რაიონში მცხოვრები ბავშვების უსაფრთხოებასა და გარემოს მდგომარეობასთან დაკავშირებითაც იწვევს შიშს.

ვინაიდან საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის სერვისცენტრი Jnews-ის კითხვებს არ პასუხობს და მათ მუდმივად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადამისამართებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი კი, როგორც წესი, არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და ოფიციალური საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით მიმართვისკენ მოუწოდებს, Jnews-მა ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას. საპასუხო წერილის მიღების შემდეგ Jnews ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდება.

ავტორი არეგნაზ გრიგორიან

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე