ავტომობილის ღირებულება საშუალოდ 15-18%-ით გაიზარდა

ავტომობილის ღირებულება საშუალოდ 15-18%-ით გაიზარდა

„ავტომობილის ღირებულება საშუალოდ 15-18%-ით გაიზარდა“, — განაცხადა BusinessPressNews-თან ინტერვიუში Roban Motors-ის დამფუძნებელმა ელგუჯა ჯამაგიძემ. მისი თქმით, ავტომობილებზე ფასების ზრდა ახალი წესების ამოქმედების შემდეგ დაიწყო და ეტაპობრივი იყო.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის აპრილიდან ქვეყანაში ამოქმედდა ახალი წესები, რომლებმაც 2024 წლამდე გამოშვებული ავტომობილების განბაჟების ღირებულება გაზარდა. ცვლილებების თანახმად, 0-დან 6 წლამდე ასაკის ზოგიერთი ავტომობილისთვის აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარით განისაზღვრა. 2024-2025 წლებში გამოშვებული ავტომობილებისთვის აღნიშნული განაკვეთი უკვე 1.5 ლარს შეადგენდა, რის გამოც ცვლილება ძირითადად 2020-2021-2022-2023 წლებში წარმოებულ ავტომობილებს შეეხო. მანამდე ამ კატეგორიის ავტომობილების განბაჟების განაკვეთი ძრავის მოცულობის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე 0.8-დან 1.4 ლარამდე მერყეობდა.

რაც შეეხება 6 წელზე უფროსი ასაკის ავტომობილებს, მათზე აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ამ კატეგორიის ავტომობილებზე საბაჟო გადასახადი 5.6-ჯერ გაიზარდა — მოქმედი წესებით, 6 წელზე უფროსი ასაკის ავტომობილების ძრავის მოცულობის თითოეული კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის ოდენობის აქციზით იბეგრებოდა.

როგორც ელგუჯა ჯამაგიძემ BusinessPressNews-ს განუმარტა, იაფფასიანი ავტომობილების ფასი საშუალოდ 1200-1500 დოლარით გაიზარდა.

„ავტომობილებზე ფასების ზრდის პროცესი ეტაპობრივად ვითარდებოდა და მოულოდნელად არ მომხდარა. ახალი წესების ამოქმედების შემდეგ ფასებმა თანდათან დაიწყო მატება, რის შედეგადაც ავტომობილის ღირებულება საშუალოდ 15-18%-ით გაიზარდა“.

ფასის ეს მატება პირდაპირპროპორციულია ავტომობილის საწყისი ღირებულების. მაგალითად, 10 000-დოლარიანი ავტომობილისთვის მატება დაახლოებით 1800 დოლარს შეადგენს, 20 000-დოლარიანი ავტომობილისთვის — 3000 დოლარს, ხოლო შედარებით იაფფასიანი მოდელებისთვის (როგორიცაა Kia Niro) საერთო მატება 1200-1500 დოლარია.

ფასების ზრდის ტენდენცია მაის-ივნისში დაიწყო, რაც ბაზრის რყევების ლოგიკურ ციკლს უკავშირდება. 1 აპრილამდე შეიძინილი ავტომობილები, რომლებიც ახალ წესებში არ ხვდებოდა, საქართველოში დაახლოებით 2 თვის შემდეგ ჩამოვიდა.

ამ ავტომობილების გაყიდვასა და ახლების შეძენასთან ერთად, სატრანსპორტო და სხვა ხარჯების ზრდამ ფასებში სხვაობა გამოიწვია.

„დრო გვიჩვენებს, უნდა ველოდოთ თუ არა ფასების შემდგომ ზრდას, ვინაიდან ამ პროცესზე არსებით გავლენას ახდენს ნავთობის მსოფლიო ფასების ცვლილება და ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე სიტუაცია“, — განუცხადა ელგუჯა ჯამაგიძემ BusinessPressNews-ს.

თეგები: ეკონომიკა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე