ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში დღემდე მოუგვარებელია ადამიანის სიცოცხლისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – სასმელი წყლის პრობლემა.
წყალი სოფელ სულდას გრაფიკით აქვს, 4-5 დღეში ერთხელ 1-2 საათით მოედინება. სოფლის სხვადასხვა ნაწილისთვის გრაფიკი განსხვავებულია, მაგალითად, სოფლის შემაღლებულ ნაწილში წყალი ნოემბერში ერთხელ მოვიდა. პრობლემა იმაშია, რომ მთელი სოფელი წყლით “კათნატურის” აუზიდან მარაგდება, ხოლო აუზი მთებიდან მომდინარე წყაროებით ივსება, რაც მუდმივი წყალმომარაგებისთვის საკმარისი არ არის.
“რაც თავი მახსოვს, სოფელში წყალი არ არის, რამდენიმე წლის წინ წყალი ჭიდან მოვიტანეთ. ბოლო წლებში, რადგან სოფლის მოსახლეობის უმეტესობას მანქანა უკვე ყავს, წყალი უახლოესი სოფლებიდან მოგვაქვს. დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა, იმედი მქონდა, რომ წყალი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვაჩიანში სამჯერ მოგვიწია ჩასვლა წყლის მოსატანად. გაზაფხულზე წყალი ოთხ დღეში ერთხელ გვაქვს, ზამთარში ისიც არა”, – ყვება სოფელი სულდას მცხოვრები.
სოფელში დაახლოებით 30 წელია მუდმივი სასმელი წყალი არ არის და, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებამ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა, სოფლის მოსახლეობამ პრობლემასთან თანაცხოვრების პირობები თვითონვე შექმნა.
“ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, ჩვენ ადაპტაცია გავიარეთ. სოფელში ყველას 700-დან 2000 ლიტრამდე რეზერვუარი აქვს. როდესაც წყალი მოედინება, რეზერვუარებს ვავსებთ, შემდეგ წყლის ტუმბოს დახმარებით წყალი აბაზანამდე აღწევს, ჩვენ მას ეკონომიურად ვიყენებთ, სანამ ონკანიდან ისევ არ დაიწყებს წყალი დინებას. აუზიდან მომდინარე წყალი, არც ისე სუფთაა, სასმელად თითქმის არ ვიყენებთ, სასმელ წყალს უახლოესი სოფლებიდან, ან ახალქალაქიდან ვეზიდებით”, – ამბობს ალბერტ არაკელიანი, სოფელ სულდას მცხოვრები.
საბჭოთა წლებში სოფელი წყლით სოფელ დილიფიდან მარაგდებოდა, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ძველი წყალსადენის გარემონტებაა.
“სოფელ დილიფიდან წყალი თვითდინებით ჩვენს სოფლამდე ვერ მოაღწევს, აუცილებელია დიდი სიმძლავრის წყლის ტუმბოს დაყენება, ზუსტად ვერ ვიტყვი, რა თანხა იქნება საჭირო. პროექტი შედგენილია, მერიიდან პასუხს ველოდებით, დადებით პასუხს თუ მივიღებთ, რემონტის დასაწყებად მოემზადებიან. სოფელში ბევრი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც, წყალია, რომელიც, ვიმედოვნებ, მალე მოგვარდება”, – თქვა სოფელ სულდას უფლებამოსილმა პირმა, ზარზანდ კუჯოიანმა.
როდის და, როგორ მოგვარდება სოფელ სულდაში სასმელი წყლის პრობლემა, ჯერჯერობით უცნობია.