უკვე ერთი კვირაა, რაც თურქეთში მიმავალი სატვირთოების 20 კილომეტრიანი კოლონა ფეხს არ იცვლის. სანამ რიგში პირველი სატვირთო საზღვარზე გადავა, კოლონას სხვები ემატებიან. საბაჟო- გამშვები პუნქტი „კარწახი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თურქეთისკენ მიმავალი გზატკეცილი ავტოკოლონის გამო, ცალმხრივი გახდა.
სოფელ ვაჩიანის შემდეგ გზა სატვირთოების გაუთავებელი კოლონით იწყება. გზად ძირითადად შეგხვდებათ სატვირთოები თურქეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ირანის და სხვა ქვეყნების სანომრე ნიშნებით. გზაზე ხშირია საცობები, რადგან ერთ მხარეს სატვირთო მანქანები დგანან სვეტად, საპირისპირო ზოლზეც სატვირთოები მოძრაობენ, გზა ვიწროა და ხშირად ადგილობრივი მოსახლეობის მანქანები გადატვირთული გზის გამო, გზიდან გადადიან.
შეგახსენებთ, რომ Jnews-მა ეს ვითარება რამდენიმე დღის წინ გააშუქა. მას შემდეგ სვეტი ოდნავ შეთხელდა, მაგრამ მაინც სოფელ ვაჩიანამდე აღწევს. Jnews-ის წყაროს ცნობით, საბაჟო გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს, თანამშრომლები დაამატეს, რეგისტრაციის პროცესი კი მთელი საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
800-მდე სატვირთო ვაჩიანი – კარწახის გზაზე (Video)
ეს ვითარება იქმნება იმის გამო, რომ ვალეს გამშვები პუნქტი (ქართულ-თურქული გამშვები პუნქტი) თურქეთის მხრიდან, სარემონტო სამუშაოების გამო, დაკეტილია და სამცხე-ჯავახეთიდან თურქეთში ყველა სახის ტრანსპორტირება კარწახის გავლით ხორციელდება. გარდა ამისა, სატრანზიტო გადაზიდვები საქართველოში მკვეთრად იმის გამო გაიზარდა, რომ ზოგიერთი გადამზიდავი, რომელიც რუსეთზე გავლას ვერ ახერხებს, გადაზიდვებს საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებს.