გამქრალი სოფლის ნანგრევები — თქმულება, რომელსაც მურჯახეთი ინახავს

გამქრალი სოფლის ნანგრევები — თქმულება, რომელსაც მურჯახეთი ინახავს

სოფელ მურჯახეთთან ახლოს, მდინარე ქრხ-ბულახის ნაპირზე, ქვებს შორის ძლივს შესამჩნევია გამქრალი დასახლება მურას კვალი: ქვის კედლების ნაშთები, სახლების ნანგრევები და ძველი წისქვილი. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, მათ შორის ენოქ ბაბაჯანიანისთვის, ეს ადგილი წარსულის ცოცხალი მეხსიერებაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მურჯახეთი ახალქალაქთან ახლოს მდებარეობს. სოფელში ორი გზა მიდის: ერთი გადის სოფელ ჩამდურაზე, თუმცა მურჯახეთის მცხოვრებლები ძირითადად ხოსპიოს მხრიდან სარგებლობენ გზით.
zaterjannoe selo
თუ ამ გზით ხოსპიოს მხრიდან ივლით, მურჯახეთამდე მიუსვლელად, მარცხნივ, გზიდან ცოტა სიღრმეში, მდინარე ქრხ-ბულახის ნაპირზე შეამჩნევთ მცირე ტერიტორიას ქვის ღობეების ნაშთებით. ისინი სახლების ნანგრევებს წააგავს. აქ 15-დან 20-მდე სავარაუდო საცხოვრებლისა და ქვის ღობის ნაშთი ჩანს. ქვემოთ, მდინარესთან ახლოს, ასევე შემორჩენილია წისქვილის ნანგრევები.
zateryannoe selo
ძველად ადამიანები, დასახლებისთვის ადგილის შერჩევისას, ცდილობდნენ მდინარეებთან ახლოს დასახლებულიყვნენ. წყალი აუცილებელი იყო ყოველდღიური ცხოვრებისთვის, მიწათმოქმედებისა და პირუტყვის მოსაშენებლად. მდინარესთან ახლოს შესაძლებელი იყო წისქვილის აშენება, მარცვლეული კულტურების მოყვანა და მეურნეობის წყლით უზრუნველყოფა. ადგილი, რომელზეც საუბარია, სავსებით აკმაყოფილებდა ამ პირობებს.
zatwryanoe selo
სოფელ მურჯახეთის მცხოვრები ენოქ ბაბაჯანიანი დარწმუნებულია, რომ ოდესღაც აქ არსებობდა სოფელი, რომელიც დროთა განმავლობაში გაქრა.
მისი თქმით, ეს ისტორია უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან აქვს მოსმენილი. თქმულების თანახმად, ამ ადგილას მდებარეობდა სოფელი, რომელსაც ეწოდებოდა მურ, ხოლო მდინარე ქრხ-ბულახის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა მეორე სოფელი — ჯახეთი. დროთა განმავლობაში მურის მცხოვრებლები მოპირდაპირე ნაპირზე, ჯახეთში გადასახლდნენ, ძველი დასახლება კი თანდათან დაცარიელდა.
ენოქის ნაამბობით, რომელიც მან უფროსებისგან ისმინა, ამ სოფლის მცხოვრებლებს რამდენჯერმე მოუწიათ სახლების იძულებით მიტოვება, მოგვიანებით კი ისევ ბრუნდებოდნენ. მისი თქმით, ასეთი რამ სამ-ოთხჯერ მოხდა.
შემორჩენილ ქვის ღობეებზე მითითებისას ენოქ ბაბაჯანიანი ყვება:
„არ ვიცი, რომელი საუკუნის არის ამ სოფლის ისტორია. ირგვლივ წყობად ჩალაგებული ქვები იმაზე მეტყველებს, რომ აქ კედელი იყო. სოფლის მცხოვრებლები მას იძულებით ტოვებდნენ ლენკ-თემურის, მონღოლ-თათრებისა და თურქების ლაშქრობების დროს“.
enok poteryani gorod
ენოქი სხვა ტერიტორიასაც აჩვენებს, სადაც, მისი აზრით, შესაძლოა უძველესი დასახლება ყოფილიყო. სავარაუდო ღობეების გვერდით, ამბობს ის, სასაფლაო მდებარეობდა.
თხრობის გაგრძელებისას ენოქი აღნიშნავს:
„15-დან 20-მდე სახლის კედელი დავთვალე. იმაზე, რომ აქ ნამდვილად იყო სოფელი, რომელიც გაქრა, წისქვილის ნაშთებიც მეტყველებს. იყო სოფელი — და გაქრა. მისი სახელი კი არ შემორჩენილა. ის დასახელება, რომელსაც დღეს ვიყენებთ, უტყუარი არ არის. აქ ხშირად პოულობენ ადამიანის ძვლებს“.
chasovnya murdjaxet

ენოქის თქმით, სავარაუდო სასაფლაოზე მოგვიანებით ორ ადგილას მცირე სამლოცველოები (სალოცავები) ააგეს. ადამიანები იქ მიდიან, ლოცულობენ და სანთლებს ანთებენ. როგორც ენოქი ყვება, სამლოცველოების აშენების ადგილები ადგილობრივებმა მას შემდეგ შეარჩიეს, რაც ისინი სიზმარში ნახეს.

xachkar

ამ ისტორიის მოყოლისას და ამ ადგილების ჩვენებისას ენოქ ბაბაჯანიანს სურს, რომ მურჯახეთის ისტორია არ გაქრეს და თანასოფლელებისა თუ ახალი თაობის მეხსიერებას შემორჩეს. მას მიაჩნია, რომ სოფლის ისტორიას, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მისი მცხოვრებლები ქმნიან და ინახავენ.
მართლა არსებობდა თუ არა აქ უძველესი სოფელი მური? როდის წარმოიშვა და რატომ გაქრა? ვინ იყვნენ მისი მცხოვრებლები და რამ აიძულათ, რამდენჯერმე მიეტოვებინათ საკუთარი სახლები? ჯერჯერობით ამ კითხვებზე ზუსტი პასუხები არ არსებობს.
შესაძლოა, ოდესმე ისტორიკოსებმა და არქეოლოგებმა შეძლონ ამ ადგილის გამოკვლევა და დაადგინონ, რა მდებარეობდა აქ წარსულში. მანამდე კი გამქრალი სოფლის, მურის ისტორია მცხოვრებთა მეხსიერებაში განაგრძობს სიცოცხლეს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე